„[სამშენებლო სექტორში] ფასებს არეგულირებს ბიზნესმენების მადა“ – ნიკა შენგელია

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორში ფასების დადგენის მიზნით რეგულაციების შემოღებაა საჭირო. ,,კომერსანტთან“ საუბარში ის აღნიშნავს, რომ დღეს სექტორში ძალიან მაღალი ფასები მოქმედებს და კომპანიების მოგების მარჟა ხშირად 100-დან 120%-მდე მერყეობს. მისი შეფასებით, სამშენებლო სექტორში ფასებს მსხვილი ბიზნესმენების მადა არეგულირებს, რის გამოც უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც ფასის წარმოქმნის პროცესს გააკონტროლებს.
,,საკმაოდ მაღალი ფასებია. სექტორში არაფერი რეგულაცია არ არის ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ამ სექტორში კი არა საერთოდ ქვეყანაში უნდა იყოს რეგულაციები ფასების მომატებასთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ხელს ყოფს კერძო ბიზნესში და რაღაც რეგულაციებს აწესებს, მაშინ როდესაც მსოფლიოში მოშლილია ყველა წესი და ყველა კანონი. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია არ არსებობს, პრაქტიკულად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და გაუქმებულია. ამ გარდამავალ ეტაპზე შეიძლებოდა, რომ სახელმწიფოს გარკვეული რეგულაციები დაეწესებინა. გაზრდილი მარჟა, რომელსაც ეს მოწინავე კომპანიები იღებენ. შექმნეს კარტელები, როგორც სამშენებლო სექტორში, ასევე ნავთობის სექტორში. მედიკამენტების ბაზარზე და აქვთ დაწესებული ეს ფასები. თქვენ თუ გადახედავთ რა უჯდება მშენებელს ერთი კვადრატული მეტრის აშენება, ნახავთ რომ მინიმუმ 100-120%-იანი ფასნამატით იყიდება. ამას უნდა რეგულაცია. ჩვენთან კვადრატულ მეტრზე ფასებმა ფაქტობრივად გაასწრო რუსეთში არსებულ ფასებს, იგივეა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში. ფასებს არეგულირებს ბიზნესმენების მადა. გარკვეული ჯგუფების, რომლებიც სამშენებლო სექტორში ლიდერები არიან და მათ უკან სერიოზული ფინანსური და გავლენიანი პოლიტიკური პირები დგანან. მათი მადა არეგულირებს ყველაფერს.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტი აცხადებს, რომ დღეს მხოლოდ დედაქალაქი ვითარდება და მშენებლობებიც უფრო მეტად თბილისშია კონცენტრირებული. ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ფასების დასარეგულირებლად საჭიროა სტრატეგიის არსებობა, რომელიც გარკვეული ობიექტების სხვა მუნიციპალიტეტებში გადატანას ითვალისწინებს. ეკონომისტის შეფასებით, ასეთი მიდგომა ფასებს დაარეგულირებს.
,,რა თქმა უნდა მიწის ღირებულება ფასს ზრდის და უნდა იყოს შექმნილი სტრატეგია. მარტო თბილისი ვითარდება და თბილისი იზრდება. რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, მაგალითად რაღაც ობიექტების გადატანა, ვთქვათ სამინისტროების სხვა ქალაქებში წაღება, სადაც მიწა შედარებით და გაცილებით იაფია. თბილისიდან რაიონებში რომ იქნება გადატანილი ძირითადი სამრეწველო ცენტრი, ადმინისტრაციული ცენტრები ამით დაბალანსდება ფასები. თბილისში დაიწევს ფასები და რეგიონებში ოდნავ მოიმატებს და უფრო მისაღები იქნება. თუმცა რეგიონებში, სადაც მიდის მშენებლობა იქაც მინიმუმ 100-150% ფასნამატია მშენებლობაზე. საერთოდ უნდა იყოს მიღებული, რომ 20-30%-ზე მეტი არ უნდა ემატებოდეს. გარკვეული პერიოდი უნდა იყოს მორატორიუმი და დარიცხვა არ უნდა ხდებოდეს ფასების.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.