“აპარტ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ჩქარეული მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის I კვარტალის შემდეგ, სამშენებლო სექტორში როგორც არსებული ვითარება, ასევე მოლოდინები გაუმჯობესებულია და პოზიტიურ სიგნალებს იძლევა, – ამის შესახებ ჩქარეულმა “ანალიტიკას” ეთერში, BAG ინდექსის შეფასებისას ისაუბრა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ბიზნეს კლიმატის შეფასების ანგარიშიდან ჩანს, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები ყველაზე მეტად, 3.0 ქულით, მშენებლობის სექტორში გაუმჯობესდა.
“როდესაც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით მოლოდინებზე, არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს კონიუნქტურა იქნებოდა, რაც არის – გაცილებით უარესი მოლოდინები იყო იმ გარემოდან და დემონსტრაციებიდან თუ მასობრივი პროტესტიდან გამომდინარე, ასევე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ კეთდებოდა. თუმცა მივედით იქამდე, რომ რეალობა არც ისე მწვავეა, როგორც მაშინ ჩანდა და თვითონ ინდუსტრიები ვითარდებიან. სამშენებლო ინდუსტრიაში ბაზრის კაპიტალიზაცია გაზრდილია წინა წლის პირველი 5 თვის მაჩვენებელთან შედარებით.
