სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შეღავათის გაუქმება მშენებლობის თვითღირებულებას გაზრდის – ბესო ორთოიძე

“არსის” გენერალური დირექტორის შეფასებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შეღავათის გაუქმება მშენებლობის თვითღირებულებას გაზრდის. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” პირველი თებერვლიდან სექტორში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
სამშენებლო სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს 1 თებერვლიდან გადასახადები 20-ჯერ ეზრდებათ. მთავრობამ ახალ წლამდე 2 კვირით ადრე გააუქმა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის შეღავათი, რომლის მიხედვითაც ისინი საშემოსავლო გადასახადის 1%-ით იბეგრებოდნენ. ეს სუბიექტები არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ კომპანიებთან. ისინი თებერვლიდან 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.
სამშენებელო-დეველოპერული ბიზნესი და არამატო, მცირე მეწარმეების სერვისებით ძირითადად მოკლევადიან სამუშაოებზე სარგებლობს. გაზრდილი გადასახადების ხარჯის გადახდა სავარაუდოდ, სამშენებლო ბიზნესს სრულად ან ნაწილობრივ მოუწევს. “არსის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბიზნესისთვის ხარჯია, რაც ბუნებრივია მშენებლობის ღირებულებაზე აისახება.
“პირობითად რომ ავიღოთ აივანზე მეტლახის დაგება, ეს ადამიანები ამ სამუშაოში თუ აიღებდნენ 5 000 ლარს, იქიდან მხოლოდ 50 ლარს გადაიხდიდნენ გადასახადის სახით და 4 950 ლარი რჩებოდათ. დღევანდელი მოცემულობით გამოდის, რომ 20-ჯერ გაიზრდება მათი გადასახადი და 1000 ლარს გადაიხდიან ამ 5000-დან და 4000 ლარი დარჩებათ. მეორე განვითარებაა, რომ რაღაცნაირად შეთანხმდნენ და სამშენებლო კომპანიამ გადაიხდის, რაც ცალსახად პირდაპირ თვითღირებულებაზე მოქმედებს და გააძვირებს [მშენებლობას]. შეიძლება რაღაცა შუალედური ვერსიაც, ნაწილობრივ ინდმეწარმის ხარჯზე მოხდეს ამ გადასახადის გადახდა, ნაწილობრივ კი კომპანიის მხრიდან, რა შემთხვევაშიც მშენებლობას გააძვირებს.
მშენებლობის 40% მოდის ანაზღაურებაზე, 60%-ია მასალების ღირებულება, აქედან რაღაც ნაწილზე ეს შეიძლება ვრცელდებოდეს და არ ვიცი როგორ აისახება თვითღირებულებაზე, გაზრდის, მაგრამ რა პროცენტით ინდივიდუალური იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ იმის ფონზე, რომ წელს არსებობს იმის მოლოდინი, რომ რაღაცნაირად მოთხოვნა შემცირდება, მოთხოვნის შემცირების პარალელურად თვითღირებულების ზრდა საკმაო რისკებს შეიცავს, რადგან ისედაც შემცირებული მოთხოვნის ფონზე გაზრდილი ფასი ცოტა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან”, – აცხადებს ბესო ორთოიძე.
მშენებლობის სექტორში დასაქმებული მეწარმეებისთვის შეღავათის გაუქმებითა და საშემოსავლო გადასახადის 20-ჯერ გაზრდის პირობებში მთავრობა ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.