უკვე რამდენიმე თვეა ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიები სახელმწიფო პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას ითხოვენ. ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად, გაზარდოს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
საკითხის კომენტირებისას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფასების ინდექსაცია დაიცავს როგორც სახელმწიფოს, ასევე სამშენებლო კომპანიის ინტერესებს.
“ინდექსაცია, როგორც არაერთხელ გაგვიჟღერებია, არის ორივე მხარის ინტერესში, რადგან ინდექსაციის მექანიზმის ინტეგრირება კონტრაქტში არის გარანტია, რომ მშენებელი დამატებით რისკს არ შეიტანს თავის ფასში და ხელოვნურად არ გაძვირდება კონტრაქტი.
საკანონმდებლო დონეზე უკვე რეგულაციის კუთხით უნდა ვიმუშაოთ და სამართლიან პრინციპებზე შევთანხმდეთ, რომელიც კერძო სექტორსაც დააკმაყოფილებს და მისცემს შესაძლებლობას, რომ კონტრაქტი პირველ რიგში სწორ ფასად მოიგოს და შემდგომ ეფექტიანად განახორციელოს. ეს საჯარო სექტორს მისცემს იმის დამატებით რწმუნებულებას, რომ უსახსრობის და გაძვირების გამო კონტრაქტი არ შეჩერდება”, – ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა საბახტარაშვილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ფასთა ინდექსაციას ევროპის არაერთი სახელმწიფო იყენებს, როგორც დაზღვევის მექანიზმს. კვლევის მიხედვით, რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ევროპაში, როგორც გრძელვადიან სახელმწიფო პროექტებში ხდება, ასევე ფასთა ინდექსაციის მუხლი ჩადებულია სულ მცირე 3 თვის ხანგრძლივობის პროექტებშიც.
სამშენებლო კომპანია “ინსის” დირექტორი ზვიად თოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრაქტიკის გადმოტანა საქართველოს რეალობაშიც უნდა მოხდეს.
“18-თვიან და უფრო მეტი ხანგრძლივობის პროექტებში გამოიყენება ინდექსაცია იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ მსოფლიო ბანკის და ამ ტიპის პროექტებში, ხოლო გერმანიაში მაგალითად ან საფრანგეთში ადგილობრივი პროექტების შემთხვევაში, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით კეთდება გამოიყენება ეს მექანიზმი 3 თვიანი პროექტების შემთხვევაშიც, რაც არის კიდევ ერთი აუცილებელი რომ მოხდეს მისი გათვალისწინება ჩვენს რეალობაში”, – ამბობს სამშენებლო კომპანია ინსის დირექტორი ზვიად თოიძე.
როგორც სამშენებლო კომპანია “რეფორმას” დამფუძნებელი გეგი ქელბაქიანი ამბობს, ხშირად ბიზნესი ბაზარზე ფასების ცვლილების გამო სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას თავს არიდებს, რადგან ფასების ცვლილების შემთხვევაში კონტრაქტი ასეთი რისკების დაზღვევის მექანიზმს არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, შესაბამისად, კერძო სექტორს არ უღირს ამ რისკის თავის თავზე აღება და ტენდერებს იგებენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.
“იძულებული ხარ, გაითვალისწინო ტრანსპორტს რა მოუვა, ვალუტის კურსს რა მოუვა, მსოფლიო ეკონომიკაში რა პროცესები იქნება, უკრაინის ომი საითკენ წავა. ანუ იმდენი ფაქტორი შემოდის, რომ ეს ყველა რისკი თუ ავსახეთ ხარჯთაღრიცხვაში, ჩვენ ფიზიკურად ვერ ვეტევით გამოცხადებულ ფასში და ბუნებრივია ასეთ ტენდერში არ შევდივართ. ასეთ ტენდერებში შედის შედარებით მაღალ რისკიანი ადამიანი, რომელსაც თუ არ გაუმართლა მარტო ის არ კოტრდება, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს მთლიანად ეკონომიკაზე. სწორად ჩამოყალიბებული ინდექსაციის პრინციპი არ გააძვირებს მშენებლობას, ეს არ ნიშნავს, რომ მშენებლები წავიღებთ უფრო მეტ ფულს, ეს დააბალანსებს რისკებს სახელმწიფოსა და შემსრულებელს შორის”, – აცხადებს სამშენებლო კომპანია “რეფორმას” დამფუძნებელი გეგი ქელბაქიანი.
ცნობისთვის, როგორც ცნობილია, ფასთან ინდექსაციის შემოღების გადაწყვეტილება ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად, 2022 წელს მთავრობამ მიიღო, თუმცა ის მხოლოდ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე დროებით გავრცელდა. ბიზნესი ამბობს, რომ მაშინ კომპანიების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ მექანიზმმა გადაარჩინა.