სამშენებლო სექტორი გაჩერებულია: ოფისში აღარ მოდიან, ზარებმა იკლო, ტრანზაქციები აღარ არსებობს – ბესო ორთოიძე

სამშენებლო სექტორი გაჩერებულია: ოფისში აღარ მოდიან, ზარებმა იკლო, ტრანზაქციები აღარ არსებობს – ბესო ორთოიძე
საქსტატის მონაცემებით, ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ვაჭრობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებასა და სხვა ეკონომიკის მამოძრავებელ სექტორში უცხოური ინვესტიციები შემცირდა.
სამშენებლო სექტორი, რომელიც ძირითადად უცხოური ინვესტიციებით საზრდოობს, 2024 წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94%-იანი კლებით ასრულებს.
კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის თქმით, იმის შეფასება თუ რა ზიანი მოიტანა „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე გადადებამ მას შემდეგ შეიძლება, რაც ერთი კვარტალი მაინც ჩაივლის. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, „არსის“ დირექტორი განმარტავს, რომ სამშენებლო სექტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონის გამო შეჩერებულია.
„ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ სამშენებლო სექტორზე რა გავლენა მოახდინა, შეიძლება ეს შეიძლება წლის ბოლოს შევაფასოთ. მიმდინარე ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლო კვირებში სამშენებლო სექტორი გაჩერებულია- არა მარტო ტრანზაქციები, არამედ ოფისებშიც აღარ მოდიან, ზარებმაც იკლო, ტრანზაქციები საერთოდ აღარ არის.
ვალუტის ეროვნული კურსის მერყეობა სამშენებლო სექტორისთვის ძალიან სენსიტიურია. დღეს უძრავი ქონების ყიდვით რომ არავინ არაა დაინტერესებული, ეს ლოგიკურია. სამუშაო განწყობაც არ გვაქვს, ამ მდგომარეობის ესკალაცია თუ არ მოხდა, ბიზნესში კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება. თუ უძრავი ქონება არ გაიყიდა, მომიჯნავე სექტორებშიც პრობლემა შეიქმნება, მაგალითად, ტექნიკის, სარემონტო და სამშენებლო სფეროებს ძალიან დააზარალებს“,- თქვა ბესო ორთოიძემ.