„გამომდინარე იქიდან, რომ დეფიციტურია კადრები, ყოველდღიურად იზრდება უძრავი ქონების თვითღირებულება, რაც ავტომატურად ზრდის გასაყიდ ფასს„ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კადრების დეფიციტი იწვევს დასაქმებულების ხელფასების ზრდას, რაც შემდეგში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ცნობისათვის, ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევის მიხედვით, გაყიდვების ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი მშენებლობის სექტორში აქვთ. BAG ინდექსის მიხედვით, მე-3 კვარტალში გაყიდვების ფასები უკვე გაზარდა გამოკითხული კომპანიების 21%-მა, 32% კი ამბობს, რომ 2025 წლის მე-4 კვარტალში, მშენებლობის სექტორში გასაყიდი ფასები გაიზრდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დეფიციტურია კადრები, ყოველდღიურად იზრდება უძრავი ქონების თვითღირებულება, რაც ავტომატურად ზრდის გასაყიდ ფასს. ფასის ზრდა, პირველ რიგში, დეველოპერებისთვის არ არის კარგი. მთავარი გამოწვევა არის სწორედ დეფიციტური კადრები.
ძალიან ინდივიდუალურია და რა თქმა უნდა, სექტორში განსხვავებული აზრებია, მაგრამ ის რომ, დღეს ვიღაცისთვის პოლიტიკურად სტაბილურია სიტუაცია და ვიღაცისთვის არა, ეგეც გამოწვევაა. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანებს იჭერენ და ეგ ინვესტორებზე და ზოგადად ეკონომიკურ გარემოზე არ აისახება კარგად. სტაბილურობა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ისეთი გარემოა, მოლოდინები ვერ იქნება პოზიტიური.
ფასების ზრდის მზარდი ტენდენცია გვაქვს სამშენებლო მასალებზე, იზრდება ხელფასები, აქედან გამომდინარე არის მოლოდინი, რომ უძრავი ქონება გაძვირდება. საუბარი არის არა დრამატულ, არამედ ბუნებრივ ზრდაზე. თუ რაღაც კატაკლიზმები არ იყო გლობალურად ან ადგილობრივად და თუ რაღაც დაუგეგმავი არ მოხდა, ამ შემთხვევაში ბუნებრივი ზრდის ტემპით გაგრძელდება.
სამართლიანები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ფასების ზრდა იყო 2023 წელს, როდესაც მატება წლიურად 30-35%-ით მოხდა და 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით 60%-იანი ზრდა გვქონდა. ახლა რა ზრდაზეცაა საუბარი, ეს არის არადრამატული. მიმდინარე წელს სულ გაიზარდა 6-7%-ით უძრავი ქონების ღირებულება. მეორე წელი ხდება, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასები დასტაბილურდა.
თუ გადავხედავთ 2019 წლამდე, სანამ გლობალური პრობლემები დაიწყებოდა, 2019 წელი იყო ბოლო წელი ნაკლები რყევებით და მაშინ წლიური 10%-იანი ზრდა გვქონდა. ჩვენნაირი განვითარებული ქვეყნისთვის უძრავი ქონების ფასი საკმაოდ მისაღები და ნორმალურია, ამ ზრდას ვერც ვგრძნობთ. მაგრამ 2022-2023 წლებში ძალიან სწრაფად მოიმატა ფასებმა და ახალი ნიშნული გაჩნდა. მანამდე თუ ვიცოდით, რომ შეგვეძლო ერთი კვადრატული მეტრი 800-900 დოლარად გვეყიდა, ახლა ის საშუალოდ 1500 დოლარი ღირს.
ამ ეტაპზე ბაზრის ქცევა არის შემდეგი, რომ ამ ფასის მიმღებლობა გაჩნდეს. ვიღაცებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ დროებითია, შემცირდება, მიგრანტების ეფექტი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინაც ვამბობდი, რომ ფასი შენარჩუნდებოდა. ახლა მნიშვნელოვანია, 2-3-წლიან ჭრილში ფასები მკვეთრად აღარ გაიზარდოს და უკვე მეორე წელი ხდება, ჩაჯდა იმ წლიურ 10%-იან ზრდაში, რაც წლების წინ სტაბილურ გარემოში გვქონდა“, – აცხადებს ბესო ორთოიძე.
Bpn.ge




