სამშენებლო-სარემონტო მასალების ონლაინ შესყიდვაზე მოთხოვნა დრამატულად გაიზარდა – Bomo.ge-ს თანადამფუძნებელი

“სამშენებლო მასალების ბაზრის ზრდის ტემპი საკმაოდ დამაიმედებელია, რასაც ადასტურებს G&T-ის კვლევაც”,-ამის შესახებ სამშენებლო-სარემონტო მასალების სექტორული მიმოხილვის შეფასებისას Bomo.ge-ს თანადამფუძნებელი მაია ზავრაშვილი აცხადებს. მისი შეფასებით, ბაზარი სტაბილურად იზრდება და მშენებლობის ტემპებიდან გამომდინარე ეს ზრდა მინიმუმ მომავალ წლებში არ შემცირდება.
“ბაზარი საკმაოდ მზარდია, მათ შორის გაზრდილია მოთხოვნა როგორც ადგილობრივ ნედლეულზე, ისე იმპორტირებულ მასალებზე. ბაზრის ზრდის დინამიკა აისახება ელექტრონულ კომერციაზეც. ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილ მასალებზე მოთხოვნა დინამიურად მზარდია როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესების მხრიდან. ორივე სეგმენტზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.
მოთხოვნა არის ყოველთვიურად მზარდი, განსაკუთრებით ახლა, როცა სამშენებლო-სარემონტო სეზონია. რომ შევადაროთ შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს, დრამატულად გაიზარდა მოთხოვნა ელექტრონულ კომერციაზე,რაც რა თქმა უნდა, ფიზიკური ვაჭრობის მონაცემების სარკის ეფექტია.
ჩვენი პლატფორმა 1,3 წელია რაც ბაზარზეა. ჩვენი მასალები მოიცავს მშრალ ნარევებს, ცემენტს, ქვა-ღორღს, აგურებს და სხვა. შარშან ამ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 500%-იანი ზრდა გვაქვს”,-აცხადებს მაია ზავრაშვილი.
„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, გასულ წელს სამშენებლო-სარემონტო მასალების სექტორის შემოსავლებმა 5.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2020-24 წლებში საშუალო წლიური ზრდა 19%-ს აღემატება.
გასული წლის მდგომარეობით სამშენებლო სექტორში შემოსავლები 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2024 წელს სექტორის შემოსავლები 12,3%-ით გაიზარდა და 2,1 მლრდ დოლარს მიაღწია. 2019-2024 წლებში შემოსავლები გაორმაგდა სარემონტო მასალების სექტორშიც, საშუალოდ წლიურმა ზრდამ 12%-შეადგინა და 2024 წელს სექტორის შემოსავლებმა 2,5 მილიარდ დოლარი შეადგინა.