სამშენებლო მიმართულებით GAU-მ და ICCA-მ სასწავლო კურსი მეორედ გამოაცხადეს

სამშენებლო მიმართულებით ცოდნის განახლების და შეძენის მსურველთათვის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსებზე მიღებას აცხადებენ.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და GAU-მ საერთაშორისო პარტნიორთან, ესპანური ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციასთან ერთად სპეციალური მომზადებისა და გადამზადების კურსები შეიმუშავეს, რომელზეც უკვე მეორედ მიღება გამოცხადდა და აპრილის თვიდან, სწორედ მომდევნო ნაკადი დაიწყებს პროგრამებზე სწავლას.
როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლის ვიცე-დეკანი, სალომე ღუდუშაური BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, სასწავლო კურსი ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომლებსაც სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს ან სურს, რომ ახალი პროფესია შეიძინოს.
მისი ინფორმაციით, სამი მოკლევადიანი (3 თვიანი) სასერტიფიკატო მომზადება/გადამზადების კურსია, რომლის პირველი ნაკადი უკვე წარმატებით დასრულდა და პირველი აპრილიდან მეორე ნაკადის გადამზადება იწყება.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მენეჯმენტისა და სამუშაოთა წარმოების კურსი გადამზადების კურსია, რომელსაც გარკვეული გამოცდილება სჭირდება. რაც შეეხება გარემოს დაცვითი სისტემების კურსს, ამ კურსზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირება, რადგან რაიმე გამოცდილება ან ცოდნა საჭირო არ არის.
„კურსის შექმნამდე ასოციაციასთან ერთად წინასწარი მოკვლევა გავაკეთეთ, თუ რა პოზიციაზე არსებობდა სამშენებლო სექტორში დანაკლისი. ამასთან, ესპანელი ექსპერტები ჩავრთეთ, რომლებმაც ხედვა გაგვიზიარეს.
ახლა რეგისტრაცია არის გამოცხადებული და მსურველს აპლიკაციის საშუალებით კურსზე დარეგისტრირება შეუძლია. მოთხოვნა ძალიან მაღალია სამივე მიმართულებით, შესაბამისად კურსების გაგრძელებას ვგეგმავთ. კურსზე სამი მიმართულებით თითო ჯგუფს ვადგენთ, თუმცა მოთხოვნის საფუძველზე ახალი ჯგუფების დამატების საჭიროება ჩნდება,“ – აცხადებს ღუდუშაური.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია მენეჯერული უნარების გამომუშავებაზე, სამშენებლო პროექტების უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვითი ასპექტები იყო.
“აპარტ ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორი და პროგრამის ტრენერი, მალხაზ ხოშტარია გადაცემაში პროექტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პროგრამა ძალიან აქტუალურადაა შედგენილი და ის, სამშენებლო სექტორს გარკვეულ შვებას მისცემს.