სამშენებლო მასალების მაღაზია „ზოდში“ წელს გაყიდვების 15%-იან ზრდას ელიან. კომპანიის გაყიდვების დირექტორი თიკა ასლამაზიშვილი BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საცალო მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირების მიუხედავად მომავალ პერიოდს პოზიტიურად უყურებენ.
„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე გაყიდვები გაიზრდება და ჩვენი შეფასებით 15%-იანი ზრდა უნდა გვქონდეს, რის შესაძლებლობაც ბიზნესგარემომაც უნდა მოგვცეს“, – აცხადებს თიკა ასლამაზიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების სექტორზე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახება.
„ამ კუთხით ნებისმიერი რყევა ჩვენთანაც გარკვეულ რყევებს იწვევს. 2024 წლის ბოლოს 2025 წლის დასაწყისში საცალო მომხმარებლის მხრიდან კლება გვქონდა, სარემონტო სამუშაოების გააქტიურების პერიოდში ივნისის თვიდან საცალო მიმართულებით ის მაჩვენებლების, რაც მაისამდე გვქონდა გაიზარდა.
გარდა ამისა ის რყევები, რომელიც უძრავი ქონების ნაწილში არსებობდა, ამ პერიოდის განმავლობაში არსებული პოლიტიკური ვითარება მომხმარებლის მიერ ბინის შეძენის გადაწყვეტილებაზე გავლენას აუცილებლად ახდენს, რადგან შეიძლება ამან გავლენა არ მოახდინოს პირველადი საჭიროების ნივთებზე, მაგრამ სახლის შეძენა და რემონტი ფინანსურადაც რთული გადაწყვეტილება და მომხმარებლები ყოყმანობენ ხოლმე. პირველ 6 თვეში ძალიან დადებითად ვერ შევაფასებთ, რადგან მცირე ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და მეტის გაკეთება გვინდა. შიდა და გარე სამუშაოებისთვის ხელსაყრელ პერიოდში, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია. უძრავ ქონებაშიც სიტუაცია შედარებით დასტაბილურებულია“, – ამბობს „ზოდის“ გაყიდვების დირექტორი.
Galt & Taggart-ის სამშენებლო და სარემონტოს ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს სექტორის შემოსავლები 5 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2020-24 წლებში დარგის საშუალო წლიური ზრდა კი, 19%-ს აღემატებოდა. შემოსავლებიდან 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარი სამშენებლო მასალების ქვესექტორზე მოდიოდა, სარემონტო მასალების რეალიზებით მიღებული შემოსავლები კი 3 მილიარდ 600 მილიონი იყო.
საინვეტიციო ბანკი მსგავსად სარემონტო მასალების მაღაზია „ზოდშიც“ მიაჩნიათ, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარი იზრდება, რასაც განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში მშენებლობების გაზრდილი მაჩვენებლები განაპირობებს.
„2024 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების ეფექტს, რომელიც გასულ წელს რეკორდული იყო, სარემონტო მასალების მიმართულებით მოქმედი კომპანიები უფრო მოგვიანებით დავინახავთ. რადგან ჩვენი შესვლა ასეთ პროექტებში მშენებლობის დასრულების შემდეგ ხდება. პირველ ეტაპზე კორპორაციულ ნაწილში, როცა დამკვეთებს ბინაში შესასვლელ კარებს, მოსაპირკეთებელ ქვებს ვთავაზობთ, ამის შემდეგ როდესაც ბინები ბარდება, შემდეგ უკვე საცალო მომხმარებლებთან ერთად შიდა რემონტის პროცესზე გადავდივართ. ვადასტურებთ, რომ მოთხოვნა მზარდია და ვფიქრობთ, რომ შემდგომ წლებში ეს დინამიკა შენარჩუნდება, თუმცა ამ ეტაპისთვის პირდაპირპროპორციული ზრდა ჩვენ არ გვიგრძვნია, რადგან ჯერ სამშენებლო ნაწილია დასასრულებელი. 2024 წელს ჩვენი კომპანიის შემოსავლები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, თუმცა ძირითადი ნაწილი კორპორაციულზე მოდიოდა, რადგან ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო პროექტები შევასრულეთ. აქ განსხვავებულად ვმუშაობთ დამკვეთებთან, დავიმატეთ ახალი – ავეჯის მიმართულება კორპორაციულ ჭრილში. 2024 წელს „ალიანს ფრივილიჯი“ ავეჯით აღვჭურვეთ, რამაც 2024 წლის ზრდა განაპირობა“, – განმარტავს თიკო ასლამაზიშვილი.
