სამშენებლო კომპანიათა 57% მეოთხე კვარტალში გაყიდვების ზრდას ელის – BAG ინდექსი

მშენებლობის სექტორში 2024 წლის III კვარტალში კომპანიათა 71%-ში გაყიდვების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა 2024 წლის IV კვარტლისთვის კომპანიათა 57% მოელის, რომ მათი გაყიდვების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის თანახმად, გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2024 წლის III კვარტლის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მომსახურების სექტორში აფასებენ, თუმცა მათი 23% თვლის, რომ გაყიდვები შემცირდება IV კვარტალში. 2024 წლის IV კვარტლისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი კი – ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება.
რაც შეეხება ფასებს, 2024 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 21%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება 2024 წლის IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხულ კომპანიათა 17% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას.
„სექტორებს შორის, 2024 წლის III კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს. ამას გარდა, 2024 წლის IV კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინიც ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სხვა სექტორებში კი კომპანიათა 75% ან მეტი არ აპირებს გაყიდვების ფასების ზრდას.
ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან არცერთ გამოკითხულ კომპანიას ფასები 2024 წლის III კვარტალში არ გაუზრდია“, – წერია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ