„სამუშაოებს, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება“ – თბილისის მერმა პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი გაეცნო.
პროექტი, რომლის ფარგლებში, ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება, პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.
„პეკინის გამზირზე რამდენიმე კორპუსს შორის არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გვინდა, რომ აღნიშნული სივრცე სრულად მოვაწესრიგოთ – გახდეს უფრო მწვანე და პირველ რიგში, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იყოს. პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, საფეხბურთო – საკალათბურთო მოედნებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, საპარკინგე სივრცეები და განათების სისტემა. სამუშაოებს, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება და ძალიან სასიამოვნო გარემო შეიქმნება. მიხარია, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი სივრცე გამოყენებული იქნება რეკრეაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო – გასართობი ზონები, სარწყავი სისტემა, ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ახორციელებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს