„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) აქტივების მართვის დირექტორი, გიგა ნადირაძე ამბობს, რომ წიწამურთან მომხდარი დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ხვალ დაიწყება.
ვადებთან დაკავშირებით BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის აღუდგება სრულად წყალმომარაგება დაახლოებით 100 000 მომხმარებელს. გიგა ნადირაძის თქმით, ვადებთან დაკავშირებით კომპანია დამატებით ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ გარკვეული ღონისძიებები გავატარეთ, მოკვლევა გავაკეთეთ, იდენტიფიცირებული გვყავს კონტრაქტორი და სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დრო, დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. ეს რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში და არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყება უშუალოდ სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი. ხვალიდან უკვე სამუშაოები დაწყებული იქნება“,- აღნიშნა გიგა ნადირაძემ და დასძინა, რომ შერჩეულ კონტრაქტორს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მათ შორის, შოვის ტრაგედიაზე მუშაობის.
მისივე თქმით, სამუშაოების დასრულებამდე, ხვალ დილიდან, მომხმარებლებს გარკვეული რეჟიმით ექნებათ წყალმომარაგება, რის შესახებაც წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას. ამასთან, კომპანია მოქალაქეებს წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაოების წარმოების განმავლობაში მომხმარებლებს აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ. უკვე ჩვენს ქსელში ჩავატარეთ სამუშაოები, რაც იმას გულისხმობს, რომ ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის მიუწოდებლობამ ეს უკვე დავაბალანსეთ. დაახლოებით 30% უკვე სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვახდინეთ. ხვალ დილიდან ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხმარებლებთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან და მაქსიმუმ 7-საათიანს. მობილიზებული გვყავს 15 ერთეული ცისტერნა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციეაბზე იქნება განთავსებული“,- განაცხადა გიგა ნადირაძემ.
მისივე თქმით, მცხეთაში წყალმომარაგება მთლიანად პარალიზებული იყო, რაც გადაჭრილია. ამასთან, როგორც გიგა ნადირაძე აცხადებს, გამოიკვეთა, რომ წყლის მოხმარება გასულ წელს დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელს აღემატებოდა და მომხმარებლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენონ წყალი.
„პიკური მოხმარება, როგორც წესი ფიქსირდება ახალი წლის პერიოდში და ახალი წლის პერიოდში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 25%-ით აღემატებოდა დღეს სასმელი წყლის მოხმარება. ეს შეიძლება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ვისაც 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს, შეიძლება განცდა აქვთ, რომ საფრთხე ემუქრებათ მათ მომარაგებას. მინდა თხოვნით მივმართო მომხმარებლებს, რომ რაციონალურად გამოიყენონ წყალი. არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ ვინმეზე დამატებითი შეზღუდვა გავრცელდეს“, – ამბობს GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი.
16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. კომპანიის განმარტებით, ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. GWP-ისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა.