სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ბიუჯეტი 3,5 მილიონი ლარია – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების დათვალიერებისას ისაუბრა. მისი თქმით 28 ოჯახი თბილისის მერიას ქირით ჰყავს გადაყვანილი.
„გამაგრების პროექტი მოიცავს აღნიშნული კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს, პირველ ეტაპზე გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდა, ძალიან მალე გვექნება დაექსპეტრიზებული კონკრეტული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, მანამდე მიმდინარეობს დროებითი გამაგრების სამუშაოები, აღნიშნულ სადარბაზოებში ცხოვრობს 44 ოჯახი, 28 ოჯახი, რომელიც დაგვთანხმდა გადაყვანილია ქირით.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძესთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მისი თქმით სამუშაოები 4 სადარბაზოიანი კორპუსის მეორე და მესამე სადარბაზოებში მიმდინარეობს და კორპუსის სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის 1 კვარტალში დასრულდება.
„დღეის მდგომარეობით მოჯავშნითი სამუშაოები მიმდინარეობს, იმის გამო რომ 4 სადარბაზოიანი კორპუსიდან მეორე და მესამე იყო აფეთქების შედეგად დაზიანებული, სრულიად მTელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები მომდევნო წლის პირველ კვარტალში დასრულდება და შესაძლებელი იქნება მოსახლეობის დაბრუნება“ – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ცნობისთვის თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 13 მარტის ღამეს აფეთქება მოხდა.