სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზე გამოძიება მიდის – ყველამ უნდა აგოს თავის მოქმედებაზე პასუხი – ირაკლი ქარსელაძე

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, თავისი მოქმედებების ყველამ უნდა აგოს პასუხი.
„ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ დეკემბერში. მიზეზი იყო მერვე ბურჯზე უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ ნაწარმოები სამუშაოები, რომლებმაც გამოიწვიეს დაზიანება და შესაბამისად ნაშენის ჩამოშლა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ყველაფერს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ყველამ უნდა აგოს თავის მოქმედებაზე შესაბამისი პასუხი.
გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცალკე დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები. საჭიროების შემთხვევაში არბიტრაჟიც ჩაერთვება. ასევე, გერმანელი სპეციალისტები არიან ჩართული იმისათვის, რომ შესაბამისი წინასაპროექტო კვლევები განახორციელონ, რაც უკვე მოგვცემს შესაძლებლობას გავიგოთ, რა ღონისძიებებია საჭირო და ეს ღონისძიებები განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.