თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოთხი ბრალდებულიდან ერთს – ია დარახველიძეს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და თანხის შეტანის ვადად განუსაზღვრა 30 დღე, დანარჩენი სამი – ხვიჩა გოგოხია, ავთანდილ სურმანიძე და რამაზ მამულაძე კი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა იას და ავთანდილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დანარჩენებს ამასთან ერთად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელიც ოთხივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, განაცხადა, რომ ია დარახველიძე, რომელიც კრეატიული დირექტორი/მუსიკოსია და ბერლინში ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა, სინამდვილეში, მართლმსაჯულებას გაურბოდა.
ბრალდების მხარე თავიდან ოთხივესთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. მას მერე, რაც ია დარახველიძის ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ სასამართლოში იას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა, შეცვალა შუამდგომლობა პატიმრობაზე ია დარახველიძესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა საპატიმრო გირაო 10 000 ლარი.
ბრალს არ აღიარებს არც ერთი დაკავებული. მათ შორის, არც ავთანდილ სურმანიძე, რომელმაც სხდომაზე თქვა, რომ ის არავის მოწოდებას არ აჰყოლია:
„ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს არ ვიცნობ. უკრაინაში ვაპირებდი წასვლას, 3 წელზე მეტია, მე აქ არ ვარ და ვიბრძვი ჩვენი საერთო მომავლისთვის…. შევუერთდი აქციას 4-ში, რადგან იყო მშვიდობიანი აქცია. ვიყავი გზად, ვაპირებდი ლაგოდეხში წასვლას და უკრაინაში წასასვლელად რაღაცების ყიდვას“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ავთანდილ სურმანიძემ.
სურმანიძის შემთხვევაში სასამართლოზე ითქვა, რომ გადაიხედება მისი აღკვეთი მას შემდგომ, რაც სრულად შეისწავლიან მის დოკუმენტებს – მისი ჯანმრთელობის ცნობა უკრაინულ ენაზეა და უნდა ითარგმნოს.
დღევანდელ სხდომაზე ასევე პროკურატურამ ყველა ბრალდებულის ადვოკატს მოუწოდა, რომ განსაკუთრებულ საჭიროებაზე, ეს იქნება ჯანმრთელობა თუ სხვა – დოკუმენტები პროკურატურას წარუდგინონ.
ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 46 დემონსტრანტიდან ყველას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა გარდა 72 წლის ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის, რომელმაც 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო უკვე დატოვა და ია დარახველიძისა, რომელსაც გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს.
ფორუმი
