სამოქალაქო თავდაცვა: 16 აგვისტოს ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმებს 39 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 16 აგვისტოს ს თავდასხმების შედეგად სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა. სააგენტო იქ მყოფთ აფრთხილებს, რომ ღაზის ერთ უბანზე ინტენსიური დარტყმები დარჩენილ მოსახლეობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, იტყობინება AFP-ი.

ბოლო მონაცემები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინის ტერიტორიის უდიდესი ქალაქის აღების გეგმები დაამტკიცა 22-თვიანი ომის შემდეგ, რომელმაც უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული პირობები შეუქმნა მოსახლეობას.

სააგენტო იმოწმებს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელს, მაჰმუდ ბასალს, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზის ზეიტუნის უბანში პირობები სწრაფად უარესდება, რადგან ისრაელის მიერ ძლიერი დაბომბვის გამო ხალხს საკვებსა და წყალზე თითქმის არ მიუწვდება ხელი.
მან თქვა, რომ ღაზას ქალაქის ამ რაიონში, სავარაუდოდ, დაახლოებით 50 000 ადამიანი იმყოფება, „რომელთა უმეტესობა საკვებისა და წყლის გარეშეა“ და აკლია „სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთები“.

ღაზაში მედიის შეზღუდვა და პალესტინელთა ტერიტორიის დიდ ნაწილებზე წვდომის სირთულეების გამო, AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ან ისრაელის სამხედროების მიერ მოწოდებული დაღუპულთა რაოდენობა და დეტალები.

ბოლო დღეებში ქალაქ ღაზაში მცხოვრებლებმა AFP-ს განუცხადეს საცხოვრებელ უბნებზე, მათ შორის ზეიტუნზე, საჰაერო დარტყმების გახშირების შესახებ. ამ კვირის დასაწყისში დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ტერორისტულადაა შერაცხილი -ში და ევროკავშირში, დაგმო ისრაელის ეს ბოლო „აგრესიული“ სახმელეთო შემოჭრა.
ბასალის თქმით, ისრაელი ზეიტუნში „ეთნიკურ წმენდას“ ახორციელებდა.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი ბრალდებები ადრეც უარყვეს. სამხედროები ამტკიცებენ, რომ ისინი საერთაშორისო სამართალს იცავენ.
ამ თვის დასაწყისში ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ქალაქ ღაზისა და მეზობელი ბანაკების, ტერიტორიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილების, ხელში ჩაგდების გეგმები.

COGAT-მა – ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია პალესტინის ტერიტორიებზე სამოქალაქო საკითხებზე – განაცხადა, რომ კვირა დღიდან სამხედროები შეტევის დაწყებამდე მეტ კარავსა და თავშესაფრის აღჭურვილობას მიაწვდიან.

„საბრძოლო ზონებიდან სამხრეთ ღაზის სექტორში მოსახლეობის დაცვის მიზნით გადაყვანის მომზადების ფარგლებში, ღაზაში კარვებისა და თავშესაფრის აღჭურვილობის მიწოდება განახლდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ომის გაფართოების გეგმამ ისრაელის მიმართ საერთაშორისო აღშფოთება, ასევე შიდა წინააღმდეგობა გამოიწვია.

გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა ექსპერტებმა გააფრთხილეს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შიმშილობის შესახებ, სადაც ისრაელმა მკვეთრად შეამცირა ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა.

სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, 16 აგვისტოს მოკლული პალესტინელებიდან სულ მცირე 13-ს ჯარისკაცებმა ესროლეს, როდესაც ისინი ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე განაწილების პუნქტებთან ახლოს საკვების დახმარების შეგროვებას ელოდნენ.

ომი ღაზის სექტორში ისრაელმა წამოიწყო როგორც სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ოპერაცია პალესტინელთა ტერიტორიაზე ჰამასის მიერ ისრაელზე 2023 წლის ოქტომბერში განხორციელებული თავდასხმით, რომლის შედეგადაც 1219 ადამიანი დაიღუპა, ოფიციალური მონაცემებით. ამ იერიშის დროს 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სანდოდ მიიჩნევს, ისრაელის თავდასხმებს 61 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ფორუმი