სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით. უთხრეს სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას.
ბერძენიშვილი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. ექიმმა ილია ოქტოჯანაშვილმა თქვა, რომ მას „აღენიშნება ძირითადად სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა, ამ ეტაპზე იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას“.
შემთხვევა დღეს დილით ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყვეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, და “ევროპის სახელით მიმდინარე”, “ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია” უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.
“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში “მოღალატეებს” და “მონებს” უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა “სირცხვილიას” დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.
“ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)”,- წერს პაპუაშვილი.
ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.
გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.
ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით”ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებზე. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

ასევე დაგაინტერესებთ