სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, აქტივისტი სალომე ბარკერი თავის ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ჩანს სახეგასისხლიანებული ზურა ბერძენიშვილი.
სალომე ბარკერის პოსტის მიხედვით, შემთხვევა დღეს დილით ბერძენიშვილის სახლთან მოხდა.
“შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.
ზუკა ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, და “ევროპის სახელით მიმდინარე”, “ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია” უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.
“აგენტების კანონის” მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში “მოღალატეებს” და “მონებს” უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
ფესბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა “სირცხვილიას” დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.
“ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)”,- წერს პაპუაშვილი.
ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.
გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.
ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით”ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებზე. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ