თქვენ არ ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია… თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს. ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს, – ასე მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ მოსამართლე კობა ჩაგუნავას სასამართლო სხდომაზე და დარბაზი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქციების ფარგლებში ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე იყო ცნობილი. კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო მას 3 500 ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. ამის შემდგომ შსს-მ დევიძე კვლავ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, კერძოდ კი, გზის გადაკეტვის ბრალდებით. როგორც შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე აღნიშნა, ისაკო დევიძემ 8 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზა ხელოვნურად გადაკეტა, როცა ამის საჭიროება არ იყო. შსს-ს ამ პოზიციის მოსმენის შემდგომ დევიძემ სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„იქიდან გამომდინარე, რომ არათუ მხოლოდ მე და თქვენ გვახსოვს ჩემი წინა სასამართლო, არამედ მთელ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიას ახსოვს და იმახსოვრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, თქვენ არ ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია… თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს. ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს. თქვენ არ უნდა იყოთ მოსამართლე და თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს“, – მიმართა ისაკო დევიძემ მოსამართლეს.
ისაკო დევიძესთან ერთად სხდომა დატოვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
რაც შეეხება მოსამართლე კობა ჩაგუნავას პოზიციას, როგორც მან აღნიშნა, „სასამართლო დარბაზის გამოყენება პერფორმანსისთვის ახალი არ არის“.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სასამართლოს მიმართ ვინმეს გაგაჩნიათ ის, რომ გსურთ გამოხატოთ შეურაცმყოფელი დამოკიდებულება და თავს ვერ იკავებთ, სჯობს, რომ დატოვოთ დარბაზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებ შესაბამის ღონისძიებებს. ყველას ეძლევა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობა ჩაგუნავამ მას შემდეგ, რაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ისაკო დევიძემ.
სასამართლო პროცესი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავა გაერთიანებულად განიხილავს ორი სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძისა და მარიამ გაჩეჩილაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. ორივე მათგანს შსს მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის გადაკეტვას ედავება.
