კალიმბა აფრიკული ტრადიციული კლავიშიანი საკრავის ვარიაციაა, რომლის წარმოებაც საქართველოში უკვე წელიწად ნახევარია მიმდინარეობს და მას სხვადასხვა გამოფენებზე,გამოფენა-გაყიდვაზე და ონლაინ სივრცეში შეხვდებით. თუ როგორია აღნიშნული საკრავის მიმართ საქართველოში დაინტერესება და საიდან გაჩნდა მისი საქართველოში წარმოების იდეა „კალიმბას“ მწარმოებელმა მარიამ ნებიერიძემ „კომერსანტთან“ისაუბრა.
მისი თქმით ის და მისი მეგობრები პირველები იყვნენ ვინც საქართველოში პირველად დაიწყო კალიმბაზე მუშაობა და საქართველოში პოპულარიზაცია გაუწია მას.
„კალიმბა ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტის ვარიაციაა, მას სხვადასხვა ტომებში უკრავდნენ, მოგვიანებით ეს საკრავი ევროპელებმა აღმოაჩინეს და გააკეთეს. გაჩნდა იდეა, რომ მისი წარმოება საქართველოშიც დაწყებულიყო. პანდემიის დროს, როდესაც ყველა სახლებში ვიყავით გამოკეტილები აღმოვაჩინე ეს საკრავი, შემდეგ შევიძინე და იმდენად დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა, რომ გადავწყვიტე რომ საქართველოშიც დამეწყო მისი გაკეთება. ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ ახალი და საინტერესო იყო. წელიწად-ნახევარია რაც ბაზარზე ვართ.
დაინტერესება საკმაოდ მაღალია, თუმცა გააჩნია როგორ იაქტიურებ და რამდენად ლამაზად გადაღებულ ფოტოებს შესთავაზებ ფეიქსუკზე და ინსტაგრამზე მომხმარებელს. ჩემი გამოცდილებით ჩვენ მომხმარებელს ფერადი კალიმბები მოსწონთ“ – აღნიშნა მარიამ ნებიერიძემ.
ნებიერიძის თქმით მისი უპირატესობა ის არის, რომ საქართველოში წარმოებული კალიმბა ხელით იხატება და მომხმარებელს სხვადასხვა დიზაინს სთავაზობს.
რაც შეეხება გაყიდვებს მომხმარებელს კალიმბას შეძენა ონლაინ და საწყობიდან შეუძლია, გარდა ამისა დამფუძნებლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებშიც.
„წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა ბაზრობებზე, ვიყავით ქუთაისშიც „ორმაისობის“ დღესასწაულზე რაც შეეხება ფასებს სხვადასხვაგვარია და ზომაზე და კლავიშებზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა 8 კლავიშიანი კალიმბას ფასი 35 ლარიდან იწყება, შემდეგ გვაქვს 117 ლარიანი 55 ლარად და ყველაზე დიდი 175 კლავიშიანი ელექტრო კალიმბაა.
რაც შეეხება ინვესტიციას ყველაფერი სრულიად პირადი ხარჯებით გავაკეთე, მაშინ ხარჯები დიდად არ მქონდა, რადგან ძირითადად სახლში ვიყავით გამოკეტილების. სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის გერმანიაში მუშაობით გარკვეული თანხა მქონდა დაგროვებული და გადავწყვიტე რომ ამ თანხის ნაწილი ამ საქმეში დამებანდებინა“ – აღნიშნა მარიამ ნებიერიძემ.
როგორც მარიამ ნებიერიძემ აღნიშნა, სტარტაპი სამომავლოდ განვითარებას და გრავირების აპარატის შეძენას აპირებს.
„გვინდა რომ „აწარმოე საქართველოსაც“ მივმართოთ და რასაც გავაკეთებთ მაქსიმალურად ადგილობრივი პროდუქციით გავაკეთოთ, რადგან ყველანაირი დანახარჯი ადგილზე გვქონდეს. სამომავლოდ ვგეგმავთ დიზაინების არეალების გაფართოებას. ასევე აქტიურად ვმუშაობთ საიტის შექმნაზე, უკვე დემო ვერსია არსებობს და ონლაინ გაყიდვების ახალ და ბევრად სწრაფ და მოსახერხებელ ფორმაზე გადავდივართ“- აღნიშნა მარიამ ნებიერიძემ.