“სამი წელია, სახედრის რძეზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია” – “ვირლანდია”

სახედრების ფერმა “ვირლანდიას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ვირის რძეზე მოთხოვნა აქტიურად იზრდება – ამის შესახებ თორნიკე ტეფნაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე თქმით, მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ ფერმის დღიური წარმადობა მას ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც უფრო მეტი სახედრის შეძენა იგეგმება.
“ეს საქმიანობა 2016 წელს პირველებმა დავიწყეთ, თავიდანვე გარკვეულწილად მოსახლეობის ცნობიერება ამისთვის მზად არ იყო, თუმცა, გარკვეული სირთულეების გადალახვის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივაღწიეთ იმ ეტაპს, როცა ბიზნესი შედგა. განსაკუთრებით ბოლო სამი წელია, მოთხოვნა მზარდი დინამიკით გამოირჩევა და წლიდან წლამდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. წელსაც, იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა წელს.
დაახლოებით 80 სახედარი გვყავს,თუმცა, რა თქმა უნდა, მიზანია, რომ უფრო გავზარდოთ რაოდენობა, ვინაიდან რიგები გვიდგას ხოლმე. ყოველდღიური წველადობა და რძის რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც გვაქვს – 1-2-თვიანი რიგებიც ყოფილა, განსაკუთრებით დეფიციტურ პერიოდებში”, – განმარტავს თორნიკე ტეფნაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად გაზრდილი თვითღირებულებისა, “ვირლანდიას” ვირის რძის ფასი კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე იგივეა და 60 ლარს შეადგენს.
“ვირლანდია” რძესთან ერთად, მის ბაზაზე შექმნილ კოსმეტიკურ საშუალებებსაც აწარმოებს. კომპანიის ასორტიმენტშია ხელნაკეთი საპნის 9 სახეობა, რომლებსაც სამკურნალო დანიშნულება აქვთ. ერთი საპნის ღირებულება კი 20 ლარია.
“ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, ჩვენი “ფეისბუკის” მეშვეობით, ჩვენსავე მომხმარებლებზე გავყიდოთ ახალი საპონი. პარალელურად ვეცდებით, ახალი მომხმარებელიც შევიძინოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი.