ფოტოზე – ბათუმი, უწყვეტი პროტესტის 308-ე დღე, ფოტოს ავრცელებს გვერდი “ევროპისკენ“.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.
ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, არ არსებობდა არავითარი წინაპირობა, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
როგორც გითხარით მოწმეთა ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, უმეტეს მათგანში გელა ხასაია საერთოდ ნახსენები არ არის და საუბარი არ არის ხასაიაზე. ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობდა არავითარი წინაპირობა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მაგრამ ეს იქცა სტანდარტად მაშინ, როცა საუბარი ეხება პოლიტიკურ, სამოქალაქო აქტივისტებს. მოლოდინები ძალიან დაბალია, ფაქტობრივად ფორმალურად გავდივართ ამ სხდომებს და პროცესებს. ერთადერთი მიზანი რაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ოპოზიციონირებისას ეს გახლავთ ის, რომ დოკუმენტურად ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე – როდესაც ობიექტური შესაძლებლობა იარსებებს, მომავალში, მოხდეს ამ საქმეების გადახედვა, მოხდეს ამ საქმეების შეფასება სამართლებრივად, იმ მომენტისთვის არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები დოკუმენტური, რომ რეალურად ამ პერიოდში და ამ დროის განმავლობაში ხორციელდებოდა ორგანიზებული, თანმიმდევრული დევნა აქტივისტებზე. არავითარი სამი მოწმე არ არსებობს, არსებობს სამი ადამიანი, რომელიც გამოკითხულია, საიდანაც 1 აბსოლუტურად არ უთითებს გელა ხასაიაზე, მეორე ადამიანი თითქოს ირიბად ახსენებს გელა ხასაიას ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის რომ რაიმე დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი გელა ხასაიას მხრიდან, ხოლო მესამე ადამიანი, რომელიც გელა ხასაიას სახელს და გვარს ახსენებს, ის არ ლაპარაკობს გელა ხასაიას მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელების ფაქტზე,” – ამბობს ომარ ფურცელაძე.
ცნობისთვის, გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
