ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტი, ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ —შეუძლია ესეები დაწეროს, კომპლექსური ამოცანები ამოხსნას და ზოგჯერ თერაპევტადაც კი იქცეს.
თუ პასუხები შენს საჭიროებებს ნაკლებად ერგება და ღრმა შინაარსის არაა, შეიძლება პრობლემა არა AI-ში, არამედ კითხვების დასმის ფორმაშია. სწორად გაიდე: კითხვის ფორმულირებას ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის დროსაც ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორიც — ადამიანებთან.
სწორედ აქ ჩნდება დამხმარედ “სამი სიტყვის წესი” — მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც ChatGPT-ის ჩვენზე მორგებულ პასუხებს გავაცემინებთ. არა, ამაში თავაზიანობა არ იგულისხმება — მეტიც, ChatGPT-სთან თავაზიანობა ნაკლებად რეკომენდებულია.
იდეა ისაა, რომ შეკითხვას მოკლე, სამსიტყვიანი, მითითება დაუმატო. ეს სამი სიტყვა ChatGPT-ს დაეხმარება გაიგოს, როგორი ტონით, სტილით ან სიზუსტით შეასრულოს დავალება. კითხვას არ ცვლი, უბრალოდ უთითებ, ვის როლში გაგცეს პასუხი. ამის მაგალითებია:
· “მიპასუხე იურისტის მსგავსად” — როცა გინდა ლოგიკური, სტრუქტურირებული და დეტალური პასუხის მიღება;
· “თითქოს მასწავლებელი ხარ” — მარტივი და გასაგები ახსნებისთვის;
· “მიპასუხე ჰემინგუეის სტილში” — მოკლე, გამორჩეული და შთამბეჭდავი ტექსტებისთვის.
უბრალოდ წარმოიდგინე, რომ AI-ს კონკრეტულ როლს ანიჭებ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევ დეტალურ ინსტრუქციას.
ChatGPT ისეა გაწვრთნილი, რომ უამრავი სტილითა თუ პროფესიულ როლში შეუძლია წეროს. როცა პატარა მინიშნებას მისცემ — მაგალითად, “მიპასუხე მოსამართლის მსგავსად” — ის შესაბამის ტონსა და სტილს გამოიყენებს. ეს ერთი პატარა მინიშნება ხშირად მნიშვნელოვნად ცვლის შედეგს და გაურკვეველი ტექსტის ნაცვლად იღებ გააზრებულ, კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებულ პასუხებს.
თუ გინდა, რომ AI-სგან უკეთესი პასუხები მიიღო, სცადე მათი ასეთი ფორმულირებებით დაწერა: “შეაჯამე სტატია ჟურნალისტივით”, “ამიხსენი გრავიტაცია პროფესორივით”, “დამიწერე ლექსი გალაქტიონივით”, “თარგმნე ტექსტი დიპლომატივით” და ა. შ.
შეგიძლია, სურვილისამებრ ნებისმიერი როლი ან პერსონა გამოიყენო: დირექტორი, თერაპევტი, დიზაინერი, მწვრთნელი, თინეიჯერი და სხვა. რაც უფრო კონკრეტული იქნები ამ მხრივ, მით უკეთეს შედეგს მიიღებ.
“სამი სიტყვის წესი” ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა იმისათვის, რომ AI-ს პასუხები უფრო ჭკვიანური და ადამიანური გახადო. იქნება ეს მეილების წერაში, გაკვეთილების დაგეგმვასა თუ რომანის იდეის მოფიქრებაში, სამი სიტყვით მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია.
