სამინისტრო: ონკოპაციენტები მედიკამენტებს პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.
უწყების განცხადებით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის,პრეპარატების მიღების გზა მარტივდება – მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ:
„სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, პაციენტებისთვის, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, ამ მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.
საბჭოს სხდომაზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სიახლე, პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, საუბარი შეეხო, სამომავლო გეგმებსა და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს,“ — ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება