სამინისტრო განმარტავს, რომ ემიგრანტებს დაბრუნებისთანავე შეეძლებათ ამბულატორიული სერვისების მიღება

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ უცხო ქვეყანაში მყოფი ემიგრანტებისთვის არ იცვლება სამშობლოში საყოველთაო ჯანდაცვის პირობები. უწყების განმარტებით, მათ ყველა სერვისზე წვდომა ქვეყანაში დაბრუნებისთანავე აღუდგებათ.
გუშინ, 8 იანვარს, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა მასალა „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესახებ, რომელიც უცხოეთში 6 თვეზე მეტი პერიოდით მყოფ მოქალაქეებს შეეხებოდათ. დოკუმენტის მიხედვით, თუ ისინი 6 თვის განმავლობაში ქვეყნის საზღვარს არ გადმოკვეთენ, ამბულატორიულ სერვისებზე წვდომა შეეზღუდებათ.
დოკუმენტი 1 იანვარს ამოქმედდა და 6 თვის შემდეგ, 1 ივნისიდან უკვე შეეხება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილს.
„2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“, – წერია №36/ნ ბრძანებაში.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს პროგრამაში „არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვის“ მიზნით:
„ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას“.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქეს ამ ახალი ბრძანებით შეეზღუდება სერვისებზე წვდომა, მას ქვეყანაში დაბრუნებისა და ამბულატორიულ დაწესებულებაში დარეგისტრირების შემდეგ, შეეძლება მომსახურების მანამდე არსებული პირობებით მიღება.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წლიდან მოქმედებს – მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაცვლად „ქართული ოცნება“ მოვიდა. ეტაპობრივად დაფინანსების წესებიც შეიცვალა. ამბულატორიული სერვისების ნაწილს სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ასევე ფინანსდება გეგმური და არაგეგმური ოპერაციები ნაწილობრივ ან მეტწილად.
ფორუმი