სამინისტრო: ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა

ლაშა ბაქრაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქრაძის მიმართ ჩატარდა დისციპლინური წარმოება, რომელიც მისსავე განცხადებას ეხებოდა.
3 სექტემბერს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე თქვა:
“ჩვენ გვერდით დგანან თინა, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიში და, იმ “ნახმარ სახეებს”, რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს”.
4 სექტემბერს ბაქრაძემ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არასწორი სიტყვა გამოიყენა.
კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბაქრაძემ ჩაიდინა “დისციპლინური გადაცდომა”.
“დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული.
ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ “არასწორი სიტყვა” გამოიყენა. ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით.
შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან”- ნათქვამია განცხადებაში.
ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით.