სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველო უქმდება

განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველო დამოუკიდებელი სახით აღარ იარსებებს და ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს შეუერთდება. თავდაპირველად ამაზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ხოლო შემდეგში განათლების სამინისტრომაც დაადასტურა.
სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. მათივე თქმით, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურს ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა.
„2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.
სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას”, – წერია ინფორმაციაში.
ცირა ბარკაია, რომელიც ინკლუზიური განათლების პროგრამაზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ფაქტი ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმია.
“ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა – წინააღმდეგობების მიუხედავად”, – წერს ის.