“სამინისტრომ არ იცის კარგები ვართ თუ ცუდები, ჩატარებული ოპერაციების ხარისხი უნდა გაკონტროლდეს” – ონკოქირურგი

ონკოქირურგ ილია გოცაძის ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ იცის ქვეყანაში ჩატარებული ოპერაციების ხარისხი როგორია. ის მიიჩნევს, რომ ოპერაციების ხარისხი უნდა გაკონტროლდეს. ამის შესახებ სამედიცინო დარგის წარმომადგენელმა გადაცემა “საქმის კურსთან” უცხოეთში მკურნალობის მიმართ საქართველოდან მზარდ ინტერესზე საუბრისას განაცხადა.
უცხოეთში მკურნალობის გადაწყვეტილებას ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი იღებს. სამედიცინო სფეროში დასაქმებულების დაკვირვებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობისთვის უმეტესად ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები მიდიან, მაშინ როცა წინა წლებში ასეთ არჩევანს კარდიოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების აკეთებდნენ.
ონკოქირურგი ილია გოცაძე განმარტავს, რომ დღეს საქართველოს პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისები შეთავაზების რესურსი აქვს, თუმცა მისი თქმით, პროცესებში აუცილებელია სექტორში არსებული რეალობის შეფასება. ის მიიჩნევს, რომ ამ რესურსის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ფლობდეს. გოცაძე გვიხსნის, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პროგრამა პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ ჯობს სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანა მოხდეს და თუ საჭიროა ადგილობრივი პროფესიონალების გადამზადება დაიწყოს.
“რეფორმებია გასატარებელი რომ ყველა კლინიკა, ყველა ექიმი გარკვეულ ალგორითმს და საერთო დონეს შეესაბამებოდეს. ანუ დონე უნდა იყოს კონტროლირებადი. მათ შორის უნდა გაკონტროლდეს უპირველეს ყოვლისა ილია გოცაძე როგორ აკეთებს ოპერაციებს, ხარისხიანად თუ არა და სხვა როგორ აკეთებს. ზოგადად, როცა ეს უფრო გამჭვირვალედ და კარგად იქნება გაკონტროლებული, ანუ პაციენტს ეცოდინება, რომ ჩვენი სერტიფიკატი მართლა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტს. ასევე, რომ ჩვენ მართლა ვაკეთებთ იმას, რასაც მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაშინ მისი ნდობა სულ სხვანაირ დონეზე იქნება. შესაბამისად ჩემი აზრით, მომართვიანობა და საქართველოში მყოფი პაციენტების რაოდენობა მეტი იქნება.
არავინ იცის ჩვენ კარგები ვართ თუ ცუდები. ანუ მე ვამბობ, რომ სამინისტრომ არ იცის ეს ამბავი და მე მომხრე ვიქნები იმის, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალედ შეისწავლოს და პაციენტი იმ ექიმთან გაიგზავნოს, ვინც საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს. სჯობს, [სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში] იმ ფულით, რომლითაც პაციენტებს სხვა ქვეყანაში ვაგზავნით, შესაბამისი სპეციალისტები მოვიწვიოთ, მათ გადავუხადოთ ჩვენს ქვეყანაში ფული და თუ რამეში გვიჭირს, რამეში გამოცდილება თუ არა გვაქვს, აქ ჩამოსულმა ექიმმა გვასწავლოს ჩვენ, გაგვიზიაროს გამოცდილება, რომ ჩვენს პაციენტებს უკეთესი სერვისი შევთავაზოთ”, – ამბობს ონკოქირურგი ილია გოცაძე.