მთავრობა ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა – ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა.
განკარგულების თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოამზადოს პროექტის ხარჯთაღრიცხვა და ის ფინანსთა სამინისტროს გააცნოს, რომელმაც შესაბამისი ხარჯები 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა გაითვალისწინოს.
“ქ. თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება).
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2026 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2026 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები”, – ნათქვამია განკარგულებაში.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა.
არსებული მდგომარეობით, არაერთი სახელმწიფო უწყება ისედაც ორთაჭალაში არის განთავსებული, ესენია – ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; მთავარი პროკურატურა; შემოსავლების სამსახური. ასევე ორთაჭალაში, ყოფილი ბიზნესის სახლის შენობაში უნდა გადავიდეს ეროვნული ბანკიც, რომელიც ამჟამად იუსტიციის სახლის შენობაში არის განთავსებული. ასევე იუსტიციის სახლის შენობაში არის ეკონომიკის სამინისტროც განთავსებული.
ამასთან, 2024 წლის ბოლოს ორთაჭალაში გადავიდა “ქართული ოცნების” მთავარი ოფისიც, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიმდებარედ განთავსდა.(ბიემჯი)
