სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ხაჭაპური ისევ გაძვირდა

სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ხაჭაპურის ინდექსი ისევ გაიზარდა.
2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო, რაც წინა თვესთან, მაისთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა, წლიურ ჭრილში კი, ანუ 2023 წლის ივნისთან შედარებით, ზრდა 6.8%-ია.
ხაჭაპურის ინდექსს ყოველთვიურად ISET-ი ითვლის და ამისთვის იყენებენ იმ კალათას, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.
„ყველი ყველაზე მეტად ქუთაისში გაძვირდა: წლიურად 19%-ით, თვიურად კი, 17%-ით,“ – ვკითხულობთ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ხაზგასმულია ისიც, რომ ყველი სხვა რეგიონებშიც გაძვირდება:
„იქიდან გამომდინარე, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი ყველის მწარმოებელი რეგიონია, როგორც წესი, ფასების სეზონური ცვლილება ყველაზე შესამჩნევი სწორედ ქუთაისშია. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქუთაისში ყველის ფასების ზრდა სავარაუდოდ ქვეყნის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება,“ – მიიჩნევენ ISET-ის ანალიტიკოსები.
ISET-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში იმ ინგრედიენტებიდან, რაც ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, მხოლოდ კვერცხი გაიაფდა 1.7%-ით.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა კარაქის [+18.1%], რძის [+16.2%], საფუარის [+14.9%] და ყველის [+7.2%] ფასები, ხოლო ფქვილი 1.4%-ით გაძვირდა.
რძის პროდუქტების ფასების ასეთი ცვლილება შეიძლება საერთაშორისო ფასების ზრდით იყოს განპირობებული – FAO-ის რძის პროდუქტების ფასის ინდექსის თანახმად, რომელიც წლიურ ჭრილში 6.5%-ით გაიზარდა, ყველაზე მნიშვნელოვნად კარაქის ფასი შეიცვალა და 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.
იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი
https://commersant.ge/news/search?phrase=%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0

ასევე დაგაინტერესებთ