სამთავრობო უწყებები Fitch-ის ანგარიშს ეხმაურებიან, თუმცა, არაფერს ამბობენ რისკებზე, რომლებზეც სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB” დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გააუმჯობესა.
2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი შეფასების თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა. სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე Fitch ელოდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა.
რეიტინგს უკვე გამოეხმაურნენ ეკონომიკის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში.
უწყებების მიერ მედიისთვის დაგზავნილ პრესრელიზებში არაფერი წერია რისკებზე, რომლებზეც სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ: „ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია. გაძლიერებულია საგარეო მდგრადობა, კერძოდ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფაქტობრივად განახევრებულია, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე, ხოლო დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. Fitch – ს ასევე საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით, მათ შორის, მიმოხილვაში აღნიშნულია „იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებაც. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მეტყველებს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, მაღალ და განგრძობად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შენარჩუნებულია და კვლავ დადასტურდა BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა გაუმჯობესებულია ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე. შეფასებაში აღნიშნულია საერთაშორისო რეზერვების, სავაჭრო დეფიციტისა და სხვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის მდგრადობა და ქვეყნის, როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიანი წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია”,- აცხადებს ეკატერინე გუნცაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე ამბობს, რომ Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის ასახვაა. ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, Fitch-ის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვები 37.2%-ით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მისივე შეფასებით, რეზერვების ასეთი დინამიკა სტაბილურობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.