საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა.
კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიისა და კითხვარების შესახებ.
საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.