“სამედიცინო სერვისების მოხმარება გაორმაგებულია” – რა განაპირობებს სადაზღვევო პაკეტების ფასის ზრდას?

ჯანმრთელობის დაცვა ძვირდება. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ფასები ამ ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე წლიურად 9.4%-ით იყო გაზრდილი. მათ შორის, ძვირდება ჯანმრთელობის დაზღვევაც, რომელზეც წლიურად საშუალოდ ფასები თითქმის 9%-ითაა მომატებული.
სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი BMG-სთან აცხადებს, რომ მიმდინარე წელს იკვეთება ტენდენცია, როდესაც სამედიცინო მომსახურების და შესაბამისად, სადაზღვევო პაკეტების ფასებზე ძირითადად სამედიცინო სერვისების მოხმარების სიხშირის ზრდა მოქმედებს.
მიხეილ ჯაფარიძის განმარტებით, წელს სექტორში საშუალოდ პოლისები 10-12%-ითაა გაძვირებული. თუმცა მისი თქმით, თუკი სამედიცინო სერვისების უტილიზაცია ამ ტემპით გაგრძელდა, მომდევნო თვეებში სექტორში ფასები უფრო მკვეთრი ტემპით გაიზრდება.
“შარშანდელისგან განსხვავებული ტენდენცია რაც არის, ესაა სამედიცინო სერვისების მოხმარების სიხშირის გაზრდა, უტილიზაცია საკმაოდ გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია. შესაბამისად, ეს აისახება კლინიკების, სამედიცინო სფეროს შემოსავლებზე, მომართვიანობის გამო ცხადია, [სამედიცინო სერვისების] ფასებიც გაზრდილია.
ზოგადად, მსოფლიოში სამედიცინო სერვისების მოხმარება იზრდება, როდესაც ქვეყანაში ვითარდება სამედიცინო სერვისების ინფრასტრუქტურა, ავტომატურად იზრდება მოხმარებაც, ანუ ადამიანები უფრო მეტად იყენებენ სამედიცინო სერვისებს. ჩვენთანაც იგივე ტრენდი არის, ოღონდ შარშანდელთან შედარებით, ბევრად მომატებულია, რაც ავტომატურად ასახულია კლინიკებში და შემდეგ უკვე ჩვენზეც აისახება.
ჩვენს შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიების მხარეს ფასების დინამიკა ისეთია, რაზეც დაახლოებით წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, [პოლისების ფასები] დაახლოებით 10-12%-ითაა გაზრდილი. თუ [სამედიცინო სერვისების] გამოყენების სიხშირე ამ დინამიკით შენარჩუნდა, მაშინ დაახლოებით იგივე ეფექტს მივიღებთ, რაც იყო დაახლოებით 2021-2022 წლებში. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ექვსი-შვიდი თვის შემდეგ ფასნამატები უფრო მეტი იყოს”, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.