თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება (2025 წლის 30-31 ოქტომბერი). ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.
2 – დღიანი კონფერენციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში სამედიცინო განათლების გლობალიზაციის პროცესში არსებული გამოცდილების, გამოწვევებისა და ინოვაციური სტრატეგიების განხილვას.
კონფერენციის ამოცანებია:
– საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სწავლების, შეფასებისა და კლინიკური სწავლების თანამედროვე მიდგომების განხილვა;
– ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
– სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა;
– სამედიცინო განათლების სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მდგრადობის მიმართულებით მუშაობის გაღრმავება;
– სამედიცინო განათლების სტანდარტებზე, აკრედიტაციაზე, ეთიკასა და სტუდენტების კეთილდღეობაზე გლობალიზაციის ზემოქმედების განხილვა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:
– პროფესორი ჰარმ პეტერსი – ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი;
– პროფესორი დევიდ ტეილორი – მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის (WFME) ექსპერტი, GULF სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი;
– პროფესორი ტრევორ გიბსი – AMEE (ჯანდაცვის სპეციალისტთა განათლების საერთაშორისო ასოციაცია) ექს-პრეზიდენტი, ექსპერტი;
– პროფესორი გორდონ ჩერჩორდი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, აშშ;
– პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, აშშ;
– პროფესორი ბჰავინ ადანიაჰუ – მედიცინის განათლების სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტი, აშშ;
– პროფესორი პოლ ჰოროკსი – მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, კილის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, დიდი ბრიტანეთი;
– ანეშ ზუჩი – ინდუსტრიული ინჟინერიის ასისტენტ პროფესორი ნოვას უნივერსიტეტი, ლისაბონი, პორტუგალია
კონფერენციას დაესწრებიან სამედიცინო განათლების სფეროს წარმომადგენლები, მედიცინის პროგრამების განხორციელებაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები, დამსაქმებლები, მედიცინის პროგრამის სტუდენტები როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარედან.
საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებ გვერდზე (icme.ge)
