სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სამეგრელოში, სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით.
უწყების ინფორმაციით, მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება, მათ შორის, განისაზღვრება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრები, ზონები, რომლის შესაბამისად მომზადდება კანონპროექტი.
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დაცული ტერიტორიების დაარსება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეისათვის საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა და ქვეყნის ტერიტორიის 13.3%-ს შეადგენს. სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები საქართველოში განსაკუთრებით მდიდარი ბიომრავალფეროვნებითა და ეკოსისტემებით გამოირჩევა და აქ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ისტორიული პროცესია, რომელიც ამ რეგიონების ბუნების შენარჩუნებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.
ახალი დაცული ტერიტორიების შესწავლისა და შექმნის პროცესი გერმანიის მთავრობის პროექტის (BMZ/ KfW) – “ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ