გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს და ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს“, – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.