სამების ტაძრის ვენახში პირველი რთველი ჩატარდა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 2022 წელს გაშენებულ ვენახში პირველი რთველი გაიმართა.
პროექტის მიზანია, ტრადიციული საეკლესიო მევენახეობის, მეღვინეობის კულტურის აღდგენა და ტაძრის მიწებზე ბერების მიერ საბარძიმე (საზიარებელი) ღვინის წარმოება.
მსურველებმა ტაძარს 50-150 ლიტრის მოცულობის ქვევრები შესწირეს.
საზეიმო რთველში სამების ტაძრის საზედაშე ღვინო დაიწურა. ჩადგეს ქვევრი, რითაც საეკლესიო ღვინის მარანს საფუძველი ჩაეყარა.
რთველს სამების ტაძრის სასულიერო დასის წევრები, ასევე ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის გიორგი ანდრიაძის განცხადებით, საქართველოს ყველა კუთხეში საეკლესიო მეღვინეობის აღორძინება მომავალშიც იგეგმება.
„სამების საკათედრო ტაძარში 2022 წელს გაშენდა ვენახი და ფაქტობრივად, პირველი რთველია, ჩაიდო ქვევრები, დაიწურა ღვინო. აღსანიშნავია ის, რომ ეს არის სანიმუშო მიწის ნაკვეთი, სადაც ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი წითელი ყურძნის ვენახი გაშენდა. ყველა კუთხეს ჰქონდა თავისი საზედაშე, საეკლესიო ღვინო და ჩვენც გვაქვს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, ქართლის, კახეთის, აჭარის, ლაზეთის ვენახები და სხვადასხვა კუთხის ყურძენს ვკრეფთ. საქართველოს ყველა კუთხეში საეკლესიო მეღვინეობის აღორძინება მომავალშიც იგეგმება. ჩვენი მიზანია, აღდგეს ადგილობრივი ყურძენ წარმოება, ღვინის დამზადება და ამის ინიციატორი იყოს ეკლესია, ეკლესიის სივრცეში მოხდეს ეს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა, შემოსწიროს და თავის სახელზე ჩადოს ქვევრი. აქ 30-მდე ქვევრი არის და ძალიან ცოტაა საკათედრო ტაძრისთვის, ყველას შეუძლია მოიტანოს, ასევე შეუძლიათ ყურძენიც მოიტანონ. ძალიან ბევრი ყურძენი ჩამოიტანეს გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან. საფერავი აქ გვაქვს და სხვადასხვა ქვევრში იქნება სხვადასხვა კუთხის წითელი ღვინო“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურა აქვს და მსგავსი ვენახი მრავლად უნდა იყო გაშენებული.
„ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს- რთველი. ჩვენს ქვეყანას ვენახისა და ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურა აქვს. ღვინო და პური გამოიყენება ყველაზე დიდ საეკლესიო მსახურებაში, წირვაში, რომელიც ღვთის მადლით, უფლის სისხლად და ხორცად გარდაისახება. ეს ყურძენი საბარძიმე ღვინისთვის არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი უნდა იყოს ასეთი ადგილები ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ამ ვენახის მნიშვნელობა, მისი გამრავლება და განვითარება. მასში მონაწილეობა მიიღო “ჯიღაურას სანერგე მეურნეობამ” და „ქართუ ბანკმა“, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა. ვიმედოვნებთ, რომ ამ დახმარებით კიდევ მეტი გაკეთდება“, – განაცხადა მამა იოანე მჭედლიშვილმა.
საზეიმო რთველს ბაგრატიონების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, ვენახის გაშენებაში მისი ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 3 წლის წინ, როდესაც პირველად სავენახე ტერიტორიაზე ნერგები იყრებოდა, არაფერი იყო. ჩემს უმცროს შვილ, გიორგი ბატონიშვილთან ერთად ვიყავი მოსული და გიორგიმაც მიიღო მონაწილეობა, მისი რამდენიმე ვაზის ნერგიც აღმოცენებულია. ამ ვენახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ჯიშის საბარძიმე ყურძენია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯიშები ნარჩუნდება. რაც მთავარია, ეს ამ დღეს უამრავ ადამიანს გვაერთიანებს. ბავშვები წურავენ საბარძიმე ღვინოს, ახლობლები ვიკრიბებით, ეს ურთიერთობას, ტაძართან სიახლოვეს უწყობს ხელს!“,-განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.