სამგორში, მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტის მიხედვით, ახალი სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, ვარკეთილის მესამე მასივში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სკვერი 3 500 კვ.მ-ზე, მესამე მასივი, მეათე კვარტალი, კორპუსი N23-ის მიმდებარედ არის განთავსებული. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები.
პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისთვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი განთავსდა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე.
ახლად მოწყობილი სკვერი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.