“სამარცხვინოა, როცა საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ საქართველოში და პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„იმ ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართავ, რომლებიც დღეს ჩუმად და კომფორტის ზონაში არიან – შეგრცხვეთ, იმიტომ რომ თქვენი შვილები იქ დგანან, თქვენი შვილის მეგობრები, კლასელები თუ თანაკურსელები დგანან იქ, არბევენ, მაგრამ თქვენ კომფორტის ზონას არ თმობთ.
სამარცხვინოა როცა საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ და ამ დროს პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“. რა თქმა უნდა არიან ძალიან მაგარი ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ სხადასხვა დარგობრივ გაერთიანებებს, ნაწილმა განცხადებაც გაავრცელა, აქციაზეც დგანან და აპროტესტებენ. მათ ძალიან კარგად ახსოვთწინა ხელისულების დროს სიჩუმეს რა მოყვა.
არ მიყვარს ასეთი შედარებები მაგრამ მაშინ იყო 1 დღე – 7 ნოემბერი, ახლა კი უკვე მე-1 კვირაზე მეტი წავიდა. როგორ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში თვალები დაიბრმავოთ და არ ილაპარაკოთ ხმამაღლა იმაზე რაც ხდება?! ეს არის დანაშაული, რომელსაც ისტორია არ გაპატიებთ,“ – განაცხადა ჭყონიამ.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
განსაკუთრებული სისასტიკით ნიღბიანი დაჯგუფებები უსწორდებიან მედიას.
