“სამართლიანი ვაჭრობის კანონის არსებობის შემთხვევაში პროდუქციის ფასები უფრო სტაბილური იქნებოდა” – დისტრიბუტორთა ასოციაცია

კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პროდუქტების უმრავლესობაზე “ქეშბექის” დინამიკა მზარდია. ანგარიშის მიხედვით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად “ქეშბექი” მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი შესაბამისი პროცენტული ოდენობით მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლის პირობები კაბალურია, თუმცა მათ ამ პირობებზე დათანხმება უწევთ, რადგან სხვა შემთხვევაში მათი პროდუქცია დახლებზე ვერ მოხვდება.
ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ საკითხი წლებია პრობლემურია, რადგან ე.წ რეტრობონუსების პროცენტი ყოველწლიურად მზარდია, რაც საბოლოო პროდუქტს მომხმარებელს უძვირებს. მისი თქმით, მდგომარეობიდან გამოსავალი მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაა. აღნიშნულ ინიციატივაზე ყოფილი პრემიერის ს პირობებში ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივა მაშინ თაროზე შემოიდო. დისტრიბუტორები საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას კიდევ ერთხელ ითხოვენ.
“მიუხედავად იმისა, რა ეკონომიკური მოცემულობა შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში და რამდენად მყარი იქნება ლარი, ეს გადასახადები თითოეულ პროდუქციაზე ყველა მიმართულებით იზრდება. ეს საბოლოოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე და ფიზიკურად შეუძლებელი არის ადგილობრივმა წარმოებამ და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასის კორექტირების გარეშე მოახდინოს პროდუქციის მიწოდება, რაც საბოლოოდ ნეგატიურად ისახება მომხმარებელზე, რომელსაც უწევს ძვირი თანხის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ არეგულირებს მთელ რიგ ქმედებებს, დისტრიბუტორებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის. რაც იცავს მწარმოებელს და მომხმარებელს ფასთან მიმართებაში, რომელიც უფრო სტაბილური იქნებოდა იმ კანონმდებლობის შემთხვევაში, რომელზეც მუშაობა დაწყებული იყო 2 წლის წინ და უბრალოდ შეჩერდა. იმედია, ეს განახლდება,”- ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე.