სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ ფასის მითითების დოკუმენტი შეიმუშავა – ოლიკო კობახიძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების აღნიშვნის სახელმძღვანელოს მიხედვით, მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი:
· რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული) ფასი
· ფასდაკლებული ფასი
· აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი
მომხმარებლის მხრიდან კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების დროს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფასია. სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფასის მითითების დოკუმენტი შეიმუშავა.
რუბრიკაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა”, კონკურენციის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ოლიკო მ სწორედ ფასის მითითების დოკუმენტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი სახელმძღვანელო ევროდირექტივების განახლებებს ფეხდაფეხ მიჰყვება. ასევე, სახელმძღვანელოში ვხვდებით ახალ ტერმინს- რეფერენსირებული ფასი.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ახალი სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმძღვანელო პრაქტიკული ღირებულების მატარებელია და ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის, ბაზრის გამართულად ფუნქციონირების, არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და მათი ინტერესების დაცვის მიზნით განიხილავს პრაქტიკულ სახელმძღვანელო მითითებებს.
ფასი, არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მომხმარებელი ეკონომიკურ ქცევას ახორციელებს, შესაბამისად, ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ფასი უნდა იყოს მკაფიო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, ასევე გამოკვეთს იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც მხარემ ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, ერთეულის ფასის სტანდარტი: საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კილოგრამი, 1 ლიტრი, 1 მეტრი, 1 კვადრატული მეტრი და ა.შ.) ფასი.
ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი: მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული), ფასდაკლებული და აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. (რეგულაცია არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის ვადა აქვს. აგრეთვე, მედიკამენტებზე).
რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი: თუკი მოვაჭრე კონკრეტული საქონელის ან/და მომსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი რეალიზაციის მიზნით, მაშინ სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია ფასის მითითება”,- აღნიშნა ოლიკო კობახიძემ.
მომხმარებლის უფლება ირღვევა, როცა მას მითითებულ ფასდაკლებულ ფასზე მეტის, განსხვავებული ფასის გადახდა უწევს საბოლოო ანგარიშსწორებისას, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მიმართოს, სააგენტო კი დაიწყებს საქმის მოკვლევას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
თავის მხრივ, მოვაჭრეს ეძლევა უფლება, GCCA-თან ითანამშრომლოს და დარღვევები კონკრეტულ დროში გამოასწოროს.
„თუ დახლზე პროდუქცია განთავსებულია ფასდაკლების ეტიკეტით, თუმცა მომხმარებელს მაინც საწყისი ფასის გადახდა უწევს, ამ შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია განცხადებით მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. სააგენტო ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში დაიწყებს საქმის მოკვლევას და თუ გამოიკვეთა დარღვევის ნიშნები, მოვაჭრეს დაუდასტურდება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი. ასევე უნდა განიმარტოს შესაძლებლობა, რომ მოვაჭრეს შეუძლია განცხადებით მომართოს სააგენტოს, გამოთქვას მზაობა, რომ ითანამშრომლებს სააგენტოსთან და პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ფარგლებში, თავის სავაჭრო პოლიტიკას შეუსაბამებს კანონის მოთხოვნებს. თუმცა, დაეთანხმება თუ არა სააგენტო მოვაჭრის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობას, ეს სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. დათანხმების და თანამშრომლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრება ვადა, რა ვადაშიც უნდა მოხდეს დარღვევის აღმოფხვრა.
სააგენტომ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე განიხილა, რომელიც ერთგვარ ქცევის სტანდარტს ადგენს ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში, თუმცა ერთ-ერთი უახლესი საქმე ეხება ფასის მითითების სტანდარტს.
კერძოდ, კომპანიის 4 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოვაჭრემ 2024 წლის 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით გამოაცხადა ფასდაკლებები შემდეგი ტექსტით: „კომპანია 4 წლისაა, ერთად აღვნიშნოთ დაბადების დღე 90%-მდე ფასდაკლებებით“. მომხმარებელმა მოვაჭრის ვებ-გვერდის საშუალებით, კომპანიის ოპერატორთან ფასდაკლების და პროდუქციის საწყობში არსებობის დაზუსტების შემდგომ, შეიძინა 4 ცალი გათბობის ქვაბი დაახლოებით 86% – იანი ფასდაკლებით. მომხმარებელმა შეკვეთის მიწოდება/ჩაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ, ვებ-გვერდზე პროგრამული, ტექნიკური ხარვეზის (გარკვეულ პროდუქციაზე არასწორი ფასების მითითება) არგუმენტით მიიღო უარი. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა რომ მოვაჭრის მიერ გამოცხადებული სპეციალური შეთავაზებები ითვალისწინებდა 90%-მდე ფასდაკლებებს 10-21 ივლისის პერიოდში, ხოლო 17 ივლისს კიდევ უფრო გრანდიოზული ფასდაკლების შეთავაზება გაჟღერდა მომხმარებლებისათვის. რაც, ქმნის აღქმას, რომ მოვაჭრის იუბილისადმი მიძღვნილი და ვებ. გვერდზე განთავსებული სპეციალური შეთავაზებები რეალური იყო და გათბობის ქვაბის ფასის შემცირების კალკულაციის გათვალისწინებით (86%), შესაძლოა რომ ფასდაკლება აღქმულიყო როგორც რეალური. შესაბამისად, მოვაჭრის ზემოაღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც უსამართლო კომერციული საქმიანობა”,- აღნიშნა კონკურენციის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ოლიკო კობახიძემ.