„სამართლიანი არჩევნები“, ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6 პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარადგენს.
ცესკოში რეორგანიზაცია 2024 წლის 16 დეკემბერს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და ოფიციალურ მიზეზად „ინსტიტუციური განვითარება“ და „ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა“ დაასახელა, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები.
ISFED-ის ცნობით, სხვები რეორგანიზაციას უკავშირებენ არა რეალურ საჭიროებებს, არამედ თავმჯდომარის პირად ანგარიშსწორებას 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც მას ცესკოს წევრმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.
„დავით კირთაძის მეუღლე, სოფიო სიჭინავა, ცესკოში ერთ-ერთი დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სიჭინავამ მომხდარის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი“, — აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
რეორგანიზაციის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ოთხი და შრომის უსაფრთხოების ჯგუფის ერთი წევრი, ასევე, თავმჯდომარის ორი მრჩეველი.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა საჭიროებებს, პრინციპებსა და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია.
„გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათთვის არავის განუმარტავს, რატომ გაუქმდა მათი საშტატო ერთეული და რა საჭიროებამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება. რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა ცესკოს რეალურ არსობრივ, სტრუქტურულ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ“, — აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
დღესვე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „უსაფუძვლო“ და „არაარგუმენტირებული“ უწოდა განცხადებას ცესკოში რეორგანიზაციის ფორმალური ხასიათის შესახებ.
„როგორც ჩანს, ორგანიზაცია, მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება… მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არაერთხელ განმარტა რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს“, — აცხადებს ცესკო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე გადავადების შესახებ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ ღიად დააფიქსირა პოზიცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად. საჯარო მოსამსახურეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა „ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესის დაანონსება. „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლითაც გამარტივდა რეორგანიზაცია და გაუარესდა დასაქმებულთა უფლებები.