“გასართობად პიარ თამაშებს თამაშობენ” – ასე ეხმაურება ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირის მოხსნას, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს აღმართეს.
ჯებირის მოხსნა ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა.
“საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და საქართველოდან გარბის ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, იმიტომ, რომ სამუშაოს ვერ პოულობენ აქ და თავის შენახვის შესაძლებლობა არ აქვთ. ხელისუფლება რომ ამით არის დაკავებული, რომ ხან ააშენებს ღობეს და ხან დაანგრევს, ეს აჩვენებს იმას, რომ ცალკე არსებობს თავისთვის კორუმპირებული რუსული ხელისუფლება, რომელიც თავის გასართობად რაღაც პიარ თამაშებს თამაშობს”, – ამბობს სამადაშვილი.
შენობის წინ, ღია სივრცეში მთავრობამ პარკის მოწყობა თითქმის ერთი წლის წინ მოულოდნელად დაიწყო. ეს ტერიტორია რკინის ჯებირით გამოყვეს. ეს ყველაფერი აჩენდა შთაბეჭდილებას, რომ ჯებირები ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციების თავიდან ასარიდებლად გაჩნდა.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ჯებირები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს გაჩნდა. ჯებირები მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებისას მოიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას მათი აღმართვა ისევ დაიწყო, ახლა კი ირაკლი კობახიძის დროს, მათი დემონტაჟი დაიწყო.