სამაგისტრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, ერთწლიანი გახდეს – უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე კი ნაწილობრივ ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული

სამაგისტრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, ერთწლიანი გახდეს – უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე კი ნაწილობრივ ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული.
ამასთან, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ერთ წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამის დასრულების საფუძველზე შესაძლებელი არ იქნება.
აღნიშნული სიახლეები მცირე ნაწილია იმ ცვლილებებისა, რომლის განხორციელებაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.
მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა წარუდგინოს.
საკითხები, რომელიც უმაღლესი განათლების 13 მიმართულებას ეხება, საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ასახული და ის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს:
განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა; დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად; ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება; შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება; შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება; არანაკლებ 60 კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით; იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ; სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავტორიზაციის საბჭო, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც აკრედიტაციის ფარგლებში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ არის განსაზღვრული) განხორციელების შემთხვევაში, განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას; სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი; ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება, სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვითაც; დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით დანიშვნის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია