,,სალონურ მომსახურებებზე მოთხოვნამ 20-30%-ით იკლო’’- საქართველოს ესთეტიკის ფედერაცია

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და არასტაბილურმა გარემომ ბიზნესების უდიდეს ნაწილზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. გამონაკლისი არც სილამაზისა და თავის მოვლის სერვისების მიმწოდებელი სექტორია. სალონურ მომსახურებაზე მოთხოვნამ დაახლოებით 20-30%-ით იკლო. სილამაზის ცენტრები კლიენტების ნაკლებობას განიცდიან. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე აღნიშნავს, რომ წლის ბოლო მათი სექტორისთვის ყველაზე აქტიურია და ამ პერიოდში მათ ბევრი მომხმარებელი ჰყავთ, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უამრავი ღონისძიება გაუქმდა, რამაც სექტორზე უარყოფითად იმოქმედა.
,,ერთი და იგივე მომხმარებელი ხომ დადის სალონში. ახალი მომხმარებლის მიმატებაზე აღარ არის საუბარი. ერთი და იგივე ადამიანი, რომელიც დადიოდა ის უკვე ვეღარ დადის. შესაბამისად, 20-30%-იანი კლება იქნება. თუმცა ეს არ არის სწორი მაჩვენებელი, რადგან ჯერ შედარება არ გაგვიკეთებია. სექტორს პრობლემა აქვს, როგორც ყველას. პროცედურების მიხედვით პროცენტულად კლებაში შეიძლება იყოს განსხვავება, მაგრამ ძირითადად ყველაფერს ეხება. მომსახურებაზე მოთხოვნა არის შემცირებული. საერთო ფონი, განწყობა ყველაფერი მოქმედებს ნებისმიერ ბიზნესზე. სადღესასწაულო მიმართულებაზე იკლო ძალიან, რადგან გადაიდო ღონისძიებები. ვარცხნილობები და მაკიაჟები კეთდებოდა და ამ ღონისძიებების გადადების გამო ამ მომსახურებაზე მოთხოვნამ უფრო იკლო, ვიდრე სხვა პროცედურებზე. თუმცა, როდესაც მიმართვიანობა იკლებს, რა თქმა უნდა ყველა მიმართულებას ეხება.’’- აცხადებს თამარ შარაშენიძე.
საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტს ზარალის კონკრეტული ოდენობის დასახელება უჭირს. ამბობს, რომ ამას გარკვეული პერიოდის გასვლა სჭირდება, რათა მონაცემები წინა წლის მაჩვენებლებს შეადარონ.
,,ზარალის ოდენობას ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ეს შესადარებელია წინა წლებთან, რასაც სჭირდება გარკვეული პერიოდის გასვლა. ახალ წლამდე მაინც, რომ ჩამთავრდეს ეს თვე, რომ კონკრეტულ ზარალზე ვისაუბროთ. მშვიდ და სტაბილურ პერიოდში წლის ეს მონაკვეთი სალონებისთვის ყველაზე აქტიურია. წლის ბოლოს იმართება შემაჯამებელი ძალიან ბევრი ღონისძიება, არის საახალწლო სუფრები, სტუმრობები. მიმდინარე მოვლენები აისახა ჩვენს სექტორზე. იანვარი და თებერვალი ისედაც არ არის აქტიური თვეები ჩვენი სეგმენტისთვის. ამიტომ გარკვეული პროგნოზები იანვარზე და თებერვალზე ვერ გაკეთდება. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება მალე.’’- აცხადებს თამარ შარაშენიძე.