ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი საზოგადოებრივი განხილვისა და პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. მას შემდეგ, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობას ჩარტერული რეისების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, ყურადღების ცენტრში მოექცა მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილიც, რომელიც აბუ-დაბიდან ერთ-ერთი ასეთი რეისით დაბრუნდა.
ღვინიაშვილის ფრაზამ – “მგონი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია” – სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა და მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მოდელს ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითმფრინავში მოხვედრა არა თავისუფალი ბილეთების ყიდვით, არამედ „მთავრობის სიებით“ ხდებოდა.
“ერთ ლამაზ გოგოს ვუყურე, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომლის მოსახლეობაც გამოიყვანა აბუ-დაბიდან ხელისუფლებამო. ამ გოგომ ეტყობა არ იცის, რომ აბუ-დაბიში ჩარჩენილ მოქალაქეებს აირზენაში პასუხობენ, სიას მთავრობა ადგენს და ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ბორტზე ვინ მოხვდებაო. ქოცების სიის მიხედვით, ანუ ჩაწყობით ხვდება მანდ ხალხი. ბილეთის ყიდვაც კი რომ უნდოდეს სხვას, მაინც ვერ დაჯდება მაგ თვითმფრინავში” – წერდა ჟორჟოლიანი.
კრიტიკის ტალღას სალომე ღვინიაშვილმა დღეს ვრცელი პოსტით უპასუხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გვიხარია ის, რაც საქართველომ შეძლო მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. როცა რაღაც კარგი ხდება, რატომ არის ასე რთული ამის აღიარება?
ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, როცა კარგს ვაფასებთ და ვამბობთ, რომ ეს კარგია. ისევე როგორც ბუნებრივია, როცა კრიტიკასაც გამოვთქვამთ ან პროტესტსაც ვაფიქსირებთ, თუ რამე არ მოგვწონს. ეს პოლიტიკურ მხარეებზე არ უნდა გადადიოდეს, საბოლოოდ ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა.
ასევე, მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, ვინც უკვე მეორე დღეა ჩემი ლანძღვით არის დაკავებული. მეგობრებთან ერთად ვიყავი დასასვენებლად. არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ. ვშრომობთ და ვცხოვრობთ ჩვენი შრომით. შესაბამისად, როცა მომინდება, ჩემი შემოსავლით წავალ იქ, სადაც მინდა.
რაც შეეხება ე.წ. “მთავრობის სიებს”, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ. და ბოლოს, მადლობა ყველას, ვისაც უბრალოდ გაუხარდა ჩემი მშვიდობით დაბრუნება ქვეყანაში.“




