სალომე ქურასბედიანი ბიომრავალფეროვნების საკითხზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის – „საბუკოს“ ორგანიზებით და გერმანიის საელჩოს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას – „ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში“ დაესწრო. მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სალომე ქურასბედიანმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე სესიის ფარგლებში განიხილავს. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას პარლამენტის წევრმა ყურადღება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტზე გაამახვილა, რომლის ინიცირებასაც მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.
„ევროკავშირის ბოლო შეფასებით, ბუნების დაცვის კუთხით საქართველოს ევროკავშირის სამართალთან კარგი შესაბამისობა აქვს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა რჩება მთელი რიგი საკითხები და გამოწვევები, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს.
ერთ-ერთ ასეთ საკითხს ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტი წარმოადგენს. მისი განხილვა და მიღება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სისტემურ მიდგომებს აწესებს და ადგენს მთელ რიგ სტანდარტებს, რომელიც ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვას, მათ გრძელვადიან შენარჩუნებას და ასევე საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების საკითხებს უზრუნველყოფს. კანონის მიღების შემდეგ გაუქმდება „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონი, რომელთა რეგულირების სფეროები ახალი კანონით განისაზღვრება“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების საკითხები ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა სექტორულ სტრატეგიულ დოკუმენტებში როგორიც არის ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები.
პანელურ დისკუსიაზე, მოხსენებით ასევე წარსდგნენ პარლამენტის წევრი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი და „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ქეთი გუჯარაიძე.