ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – პირველად დადგა საკითხი, საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ უარის თქმაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ – ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ სტრასბურგში განუცხადა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობაზე ისაუბრეს, მათ შორის პოლიტპატიმრებზე.
„26 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, საქართველო გაწევრიანდა ევროსაბჭოში და ზურა ჟვანიამ თქვა თავისი ცნობილი სიტყვა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“. 26 წლის თავზე პირველად დადგა საკითხი, საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობაზე უარის თქმაზე. ეს არის რუსეთის ძალიან დიდი მიღწევა. რეალობა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობით საქართველოს ჩამოშორება ევროპული სივრციდან, სულ უფრო რეალურ სახეს იღებს.
ბევრი შეხვედრები გვაქვს აქ, ამ დღეებში და ჩვენ სრულიად ობიექტური ვითარება ავხსენით ყველა შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესხმოდეს, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქართველი ხალხი. მათ შორის ვსაუბრობთ ისეთ შემთხვევებზე, როგორიც არის მზია ამაღლობელის პატიმრობა, მისი შიმშილობა, რომელიც უკვე არის მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო. ასევე ვსაუბრობთ სხვა პოლიტპატიმრებზე, იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო უქმდება დემოკრატიული სივრცე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. სესიაზე საკითხი შვედმა დეპუტატმა, ბორიანა ობერგმა დააყენა.
„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი – მხოლოდ „ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, – განაცხადა ბორიანა ობერგმა.
აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმსჯელებს. მათ მოსაზრება 24-საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა.
ცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.
