ჩვენ არ ვიბრძვით აქ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ფიქრობდეს თავის მომავალზე ან პარტიულ მომავალზე. აქ საუბარი არის საქართველო იარსებებს თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” პარტიულ სიებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სიების ნუმერაცია უფრო შიდა პარტიული საკითხია, ამომრჩევლისთვის ბევრად სხვა საკითხებს აქვს მნიშვნელობა.
„ეს არ არის ის არჩევნები, სადაც შეიძლება, რომ რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის, ჰქონდეს რამეს მნიშვნელობა, გარდა გამარჯვებისა. გამარჯვებაში, ცხადია, ვგულისხმობ ოპოზიციის გამარჯვებას. ხშირად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ან საქართველოს ვათავისუფლებთ რუსული რეჟიმისგან ან ნუმერაციას – ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ უნდა მოექცეს რეპრესიების ქვეშ – პუტინის რეჟიმი დაგვიწერს. ჩვენ არ ვიბრძვით აქ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ფიქრობდეს თავის მომავალზე ან პარტიულ მომავალზე. აქ საუბარი არის საქართველო იარსებებს თუ არა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
სიების ნუმერაცია უფრო შიდა პარტიული საკითხია, ამომრჩევლისთვის ბევრად სხვა საკითხებს აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის სიაში არ ყოფნის საკითხს, მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი. მის მიმართ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი და მის მხარდაჭერას ჩვენი კოალიციის მიმართ მორალური პოლიტიკური დატვირთვა აქვს. სიაში, ზოგადად, პოლიტიკურ შემადგენლობას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ჩვენ თუ გადავხედავთ “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობას სიაში, ნახავთ, რომ ეს არის უნიკალური თავმოყრა ადამიანების, რომლებიც, პირველ რიგში, ძალიან მაღალი მორალური სტანდარტისა და პატრიოტიზმის ხარისხით გამორჩეული ხალხია უმაღლესი კომპეტენციით სხვადასხვა სფეროში. მარგველაშვილი იღებს კოალიციურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, მაგრამ მისი შემოერთება, პირველ რიგში, არის გზავნილი ხალხისთვის, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა და არც “ქართული ოცნება”, – განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება “ედისონ რისერჩის” კვლევებს, სადაც “ძლიერ საქართველოს” 9,9% აქვს გამოკითხვების მიხედვით, სამადაშვილის თქმით, აღნიშნული კვლევები ჯერ კიდევ მანამდეა ჩატარებული, სანამ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. მისი განმარტებით, არჩევნებზე კოალიციის მიერ დადებული შედეგი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
“ეს კვლევები ჩატარებულია მანამდე, სანამ კიდევ უფრო გაიზრდებოდა ჩვენი კოალიციის წონა იმიტომ, რომ გიორგი მარგველაშვილის შემოერთება, რომელიც საქართველოში დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოპულარობის მქონე პოლიტიკოსი, ძალიან დიდი ძალაა. ჩვენი სიტყვა და ჩვენი კოალიციის მიერ დადებული შედეგი იქნება გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში”, – აღნიშნა სამადაშვილმა.
მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ-სთან სტატუს-კვოს გადახედვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სტატუს-კვოს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გადახედავს. როგორც სამადაშვილმა თქვა, კობახიძე სხვა არავინაა, თუ არა ივანიშვილის შუამავალი, რომლის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზეც ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად ერთვება.
“მე ვფიქრობ, ჩვენ ვერ მოვესწრებით მაგის გაშიფვრას, რას გულისხმობს კობახიძე ამაში იმიტომ, რომ სტატუს-კვოს გადახედავს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპზე გადავალთ მოკავშირეებთან იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დაცულობა, ამ ქვეყანაში ეკონომიკური წარმატება, ამ ქვეყნის მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერაზე. მე არ ვიცი, ახლა რა სიგიჟის გაკეთებას აპირებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე არარაციონალურ ფაზაში არის გადასული. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ რაღაც მოლოდინი, რომ უკან დაიხევდა ვინმე აშშ-ში და ივანიშვილის სანქცირებაზე საუბარი შეწყდებოდა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ დინამიკა არის აბსოლუტურად საპირისპირო, კობახიძეს გაუუქმეს მიწვევა, ოფიციალურად არავინ შეხვდა და მიღებაზეც კი არ დაპატიჟეს იმიტომ, რომ ამით აჩვენეს, სალაპარაკო აღარაფერი აქვთ ბიძინა ივანიშვილის შიკრიკთან. კობახიძე სხვა არავინაა, თუ არა ივანიშვილის შუამავალი, მე მომისმენია არა ერთი სერიოზული ადამიანისგან, რომ იმ შეხვედრებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე აქ ატარებს, ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად ესწრება და მართავს მესიჯბოქსს, კობახიძე კი ცარიელი მოლაპარაკე თოჯინაა. ამიტომ, არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ის მისულიყო რაიმე სახის დიპლომატიურ მიღებაზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.