დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ყოველ ჯერზე „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ, რაღაც მორიგ ხრიკს იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არის უკიდურეს იზოლაციაში და წინ ელოდება საერთაშორისო წნეხის მხოლოდ და მხოლოდ დამძიმება, დღეს აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ მოძებნოს რაღაც ხრიკი, რომლითაც შეეცდება, რომ შექმნას რაღაც ილუზია, თითქოს ის ხალხის ან ჩვენი ქვეყნის რაიმე ლეგიტიმურ ინტერესებს წარმოადგენს, ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ყურადღება არ უნდა დავუთმოთ ამ სისულელეს, რომელიც წამოროშა იმ პარტიამ, რომელმაც თავად განაცხადა თავის დროზე უარი. „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ განაცხადა ყველანაირი უარი დებატებში მონაწილეობაზე და მეტიც, მათ შეწყვიტეს სიარული ყველანაირ ტელევიზიაში. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც რამე სისულელეს წამოროშავს კობახიძე, ჩვენ წამოვეგოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა იმის ფონზე, რომ ოპოზიციური რვიანისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა წარმოუდგენელია, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, თუ რა ნულოვანი შედეგი აქვს არჩევნების ბოიკოტს.
„ადგილობრივი არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა ყველას, რომ არჩევნების ბოიკოტს ნულოვანი შედეგი აქვს და უკუშედეგი მოაქვს. ამიტომ, ახლა ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაში შესვლა აზრს მოკლებულია იმიტომ, რომ ჯერ არ არის არჩევნები დანიშნული.
მე არ ვიცი, სხვას რა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება“, – განაცხადა სამადაშვილმა.




